მანგლისის ტაძარი
მანგლისის სიონი — ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი. მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში - IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. ლეონტი მროველის თანახმად, კონსტანტინე კეისრის მიერ მირიან მეფისათვის გამოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე, რომელსაც წმინდა რელიკვიები და უხვი განძეულობა მოჰქონდა საქართველოში ეკლესიათა ასაშენებლად, მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში დაყოვნებულა, ტაძრის აშენება დაუწყია და ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილიც დაუტოვებია. V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ საეპისკოპოსოებს შორის მანგლისი რიგით მეოთხედ მოიხსენიება.
ძეგლზე თვალნათლივ განირჩევა ორი სამშენებლო ფენა. პირველი - მარტივი ტეტრაკონქის გეგმის მქონე ტაძარია, რომელიც გარედან რვაწახნაგა მოხაზულობაში ეწერებოდა და გუმბათით იყო გადახურული (ტეტრაკონქი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ტიპია, რომლის გეგმის საფუძველს აფსიდებით შედგენილი ჯვარი წარმოადგენს). სავარაუდოდ, პირველი ფენა სწორედ ვახტანგ გორგასლის პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ტაძრებს შორის მანგლისი უადრესი ნიმუშია, ამიტომ მისი დეტალები, არქიტექტურული თვალსაზრისით, ერთგვარ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს საქართველოში ამ ტიპის ხუროთმოძღვრების განვითარების თვალსაზრისით.
მანგლისის სიონის ძირითადი სივრცის გარშემომწერ კედლებში ჩაშენებული იყო ოთხი მცირე სათავსი, რომლებიც ძირითად სივრცეს უკავშირდებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ მანგლისის მშენებელი არქიტექტორი V საუკუნეში უკვე გრძნობდა ამ ხუროთმოძღვრული ტიპის ნაკლს - შიდა სივრცის სიმცირეს და დამატებითი სათავსების აგებით ფაქტობრივად წინასწარმეტყველებდა მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძრების აგებას. ამიტომაც არის ტეტრაკონქებს შორის მანგლისის სიონი უადრესი ნიმუშიც და ამოსავალი წერტილიც ამ ტიპის განვითარებისათვის.
VII საუკუნეში მანგლისი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს შემოსევის დროს აოხრებულა და აქ დაცული სიწმინდეებიც გაუტაცებიათ. ისტორიული წყაროები მანგლისის შესახებ XI საუკუნის პირველ მეოთხედამდე ანუ გიორგი I-ის (1014-1027წწ) მეფობის ხანამდე დუმან. სწორედ ამ დროს რადიკალურად შეიცვალა ტაძრის არქიტექტურა. თავდაპირველი, V საუკუნის ნაგებობის აღმოსავლეთ მხარეს წინ წაიწია საკურთხევლის აფსიდამ, აქეთ-იქიდან მიემატა საკურთხევლის დამხმარე სათავსოები, სამკვეთლო და სადიაკვნე. მიუშენდა სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები, დაედგა ახალი გუმბათი, შენობა მთლიანად ახალი ქვის პერანგში ჩაისვა, ხოლო ექსტერიერი ეპოქის შესაბამისად მოჩუქურთმდა, მოიხატა ინტერიერი. მანგლისის სიონმა საბოლოო ცვლილებები (რომლებითაც დღემდე მოაღწია) განიცადა XIX საუკუნის შუა ხანებში, რუსული მმართველობის დროს, ეგზარქოს ისიდორეს ინიციატივითა და ადგილობრივი რუსული პოლკის ოფიცრების მცდელობით. ჯერ ლეკების თავდასხმებით, შემდეგ კი აღა-მაჰმად ხანის ლაშქრობის შედეგად დაზიანებული ტაძარი გაწმინდეს და შეაკეთეს. მართალია ამის შემდეგ წირვა-ლოცვა აღდგა, მაგრამ ტაძრის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი სამუდამოდ დაიკარგა.
აღმოსავლეთ ფასადზე მხატვრულ სახეს ქმნის კედელში ღრმად შეჭრილი, წყობის შემამსუბუქებელი ორი ნიში, რომელთა შუაშიც საკურთხევლის საკმაოდ დიდი და მოჩუქურთმებული სარკმელია მოთავსებული. სარკმლის ზედა ნაწილში მოცემულია სტილიზებული მცენარეული ორნამენტის ჩუქურთმებით შედგენილი ქუსლიანი წარბი (რკალისებური ზოლი სარკმლის ზედა მხარეს, ფაქტობრივად წარბის ფუნქციას ასრულებს), რომელიც ნიშების ზედა ნაწილშიც მეორდება და ერთმანეთს ებმის. მათ ზემოთ ჯვარია გამოყვანილი ირგვლივ რამდენიმე დეკორატიული დეტალით. უჩუქურთმო სარკმლები აქვთ პასტოფორიუმებს დიდ სარკმელთან შედარებით ქვემოთ (პასტოფორიუმი - დამხმარე საღვთისმსახურო სათავსო ცენტრალური აფსიდის ორივე მხრიდან).
თაღოვანი კარიბჭე დასავლეთ ფასადის მთავარი აქცენტია. მის ორივე მხარეს ამოყვანილია სამმაგ დეკორატიულ ნახევარსვეტზე დაფუძნებული თაღები და შემკულია რამდენიმე სახის ჩუქურთმით. ეს კარიბჭე XIX საუკუნეში შეაკეთეს, რაზეც მიუთითებს როგორც რუსული წარწერა რესტავრაციის შესახებ, აგრეთვე გადაწყობილი ქვებით შექმნილი ერთგვარი სიჭრელე. შესასვლელის მაღლა ორ რომბზე დამდგარი ჯვარია გამოსახული.
დასავლეთის მხრიდან კარგად ჩანს ყველა მინაშენი და მათ შორის განსხვავებული სიმაღლის დონეები. აქაც აქცენტი გადადის თაღოვან კარიბჭესა და მის დეკორა-ტიულ დეტალებზე, რომელიც სამხრეთის მსგავსია, მაგრამ უფრო მასშტაბური და პომპეზური. სამხრეთ ფასადიდან აღსანიშნავია ორთავიანი არწივის ჰერალდიკური გამოსახულება შესასვლელის მაღლა მდებარე ჯვრის თავზე, რომელსაც ერთ კლანჭში ჯვარი უჭირავს, ხოლო მეორეში - სკიპტრა. იგი XIX საუკუნის რესტავრაციის დროინდელია. იგივე მოტივი მეორდება ტაძარში, საკურთხევლის მოპირდაპირედ მდგარ ხის საპატრიარქო ტახტზეც. ზოგადად, ინტერიერში რუსული ხატების სიმ- რავლეც ცხადყოფს რაოდენი გავლენა მოახდინა რუსული პოლკის ხანგრძლივმა მფლობელობამ. ამ ფასადზეა XI საუკუნის გადაკეთების აღმნიშვნელი წარწერაც, რო-მელიც ახლა დაზიანებულია, მაგრამ თავის დროზე მარი ბროსეს მოუსწრია ამოკითხვა.
ჩრდილოეთი კედელი არ არის დატვირთული მხატვრული დეტალებით, მისი მუდმივად ჩრდილში ყოფნის გამო.
მთლიანი ტაძრის მასის დომინანტია უზარმაზარი თორმეტწახნაგა გუმბათი, რომელიც წითელი კრამიტით არის გადახურული. ყელში ჩუქურთმებით შემკული ექვსი სარკმელია გაჭრილი.
XIX საუკუნეში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად XI საუკუნის მოხატულობიდან, რომელიც მთელ ტაძარს მოიცავდა, მხოლოდ გუმბათში არსებუ-ლი ფრესკები შემორჩა, რომლებიც ჯვრის ამაღლების გრანდიოზულ კომპოზიციას წარმოადგენენ.
ქრისტიანული ტრადიცია მანგლისის სიონს რამდენიმე მნიშვნელოვან სიწმინდეს უკავშირებს, მათ შორის უფლის სამსჭვალსა და წმინდა ჯვრის ნაწილებს. აქვეა დაბრძანებული იოანე მანგლელის თანმხლები სასწაულთმოქმედი ხატი - მანგლისის ღვთისმშობელი. გადმოცემის თანახმად, სამხრეთ შესასვლელის პირდაპირ მდებარე ქვის ჯვრის ქვეშ თევდორე კველთელის ნაწილები განისვენებს.
სულ კომენტარები: 0 | |