1 |
იყო ვინმე სიმონი, პოლიტიკური მეტოქე ონიასი, მშვენიერი და კეთილი კაცისა,
რომელსაც მღვდელმთავრობა ეჭირა მთელი სიცოცხლე. რაკი მრავალგვარი ცილისწამებით მან
ვერ მოახერხა სახელი გაეტეხა ონიასთვის ხალხის თვალში, გაიქცა სამშობლოდან მის
საღალატოდ. |
|
|
2 |
წავიდა აპოლონიოსთან - სირიის, ფინიკიის და კილიკიის განმგებელთან
და უთხრა: |
|
|
3 |
სამეფო ხელისუფლების ერთგული მოვსულვარ, რათა მოგახსენო,
იერუსალიმის საგანძურებში დიდძალი კერძო ქონებაა შენახული, რომელიც არ არის ტაძრის
საკუთრება, არამედ მეფე სელევკოსს ეკუთვნის. |
|
|
4 |
როცა წვრილად გამოიკითხა ეს ამბავი აპოლონიოსმა, შეუქო სიმონს
მეფისადმი ერთგულება, ეახლა სელევკოსს და მოახსენა საგანძურის ამბავი. |
|
|
5 |
და მიიღო უფლება სასწრაფოდ წამოსულიყო ჩვენს სამშობლოზე დიდძალი
ლაშქრით, წყეულ სიმონთან ერთად. |
|
|
6 |
განაცხადა, რომ მეფის ბრძანების თანახმად არის მოსული, რათა
საგანძურიდან კერძო პირთა ქონება წაიღოს. |
|
|
7 |
ამ სიტყვამ აღაშფოთა ხალხი, ისინი შეეწინააღმდეგენ აპოლონიოსს; მათი
აზრით, ეს გაძარცვა იქნებოდა იმათი, ვინც წმიდა საგანძურს მიაბარეს თავიანთი
ქონება; და ისინი არასგზით არ დათმობდნენ მას. |
|
|
8 |
მაშინ აპოლონიოსი მუქარით დაიძრა ტაძრისაკენ. |
|
|
9 |
ხოლო მღვდლები ქალებთან და ბავშვებთან ერთად ტაძარში ევედრებოდნენ
ღმერთს, რათა დაეფარა მას ხელყოფისგან ეს წმიდა ადგილი. |
|
|
10 |
და როცა ჯარის თანხლებით ამოვიდა აპოლონიოსი განძის დასატაცებლად,
გამოჩნდნენ ცით მომავალი, ცხენზე ამხედრებული ანგელოზები ელვარე იარაღით ხელში,
დიდი შიშისა და ზარის მომგვრელნი. |
|
|
11 |
მაშინ დაემხო ცოცხალ-მკვდარი აპოლონიოსი ტაძრის საერთო ეზოში,
იწვდიდა ზეცისკენ ხელებს და აცრემლებული ევედრებოდა ებრაელებს, ელოცათ მისთვის
ზეციური მხედრობის მოსალმობიერებლად. |
|
|
12 |
ამბობდა, სიკვდილის ღირსი ცოდვა ჩავიდინე, და გადავრჩი, ამ კურთხეულ
ადგილს მთელი ხალხის წინაშე განვადიდებო. |
|
|
13 |
ამ სიტყვებით შეძრულმა ონია მღვდელმთავარმა თუმცა იჭვნეულად, მაგრამ
მაინც ილოცა მისთვის, რათა სელევკოსი დარწმუნებულიყო, რომ აპოლონიოსი ადამიანურმა
მუხანათობამ კი არ დაამხო, არამედ ღვთიურმა სამართალმა. |
|
|
14 |
სასწაულით გადარჩენილი აპოლონიოსი უკან გამობრუნდა, მეფისთვის რომ მოეხსენებინა
მომხდარი. |
|
|
15 |
სელევკოს მეფე რომ გარდაიცვალა, ხელმწიფება მიიღო მისმა ძემ -
ანტიოქოს ეპიფანემ, თავხედმა და სასტიკმა ადამიანმა. |
|
|
16 |
მან გადააყენა მღვდელმთავრის თანამდებობიდან ონია და დანიშნა ონიას
ძმა, იასონი. |
|
|
17 |
რომელსაც მღვდელმთავრობის საფასურად ყოველწლიურად სამიათას ექვსას
სამოცი ტალანტი უნდა ეძლია მისთვის. |
|
|
18 |
ამგვარად, უბოძა მან იასონს მღვდელმთავრობა და ხალხის წინამძღოლობა.
|
|
|
19 |
ააცდინა იასონმა სწორ გზას ხალხი და ყოველგვარი ურჯულოებით
განაგებდა საზოგადო საქმეებს. |
|
|
20 |
არა მხოლოდ გიმნაზიონი აშენდა ჩვენი სამშობლოს მთაზე, არამედ
სატაძრო სამსახურიც კი გაუქმდა. |
|
|
21 |
გაუწყრა ხალხს ამის გამო ღვთიური სამართალი და ანტიოქოსი
გამოალაშქრებინა მათზე. |
|
|
22 |
რადგან, როცა პტოლემეოსს ეომებოდა ეგვიპტეში, გაიგო, რომ ხალხში ცრუ
ხმები გავრცელდა, მოკვდაო ანტიოქოსი, და რომ მისი სიკვდილის ამბავი დიდი სიხარულით
მიიღეს იერუსალიმელებმა. ამიტომაც მაშინვე გამოილაშქრა მათზე. |
|
|
23 |
და როცა დაარბია ისინი, განკარგულება გასცა სიკვდილით დაესაჯათ
ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მამა-პაპის რჯულის დამცველი აღმოჩნდებოდა. |
|
|
24 |
მაგრამ ვერანაირი განკარგულებით ვერ აიძულა ხალხი მშობლიური
რჯულისადმი მორჩილება დაერღვიათ; პირიქით, დარწმუნდა, რომ არაფრად მიიჩნევდნენ
ისინი მეფის მუქარასა და სასჯელებს. |
|
|
25 |
დედებს თავიანთი შვილების წინდაცვეთის გამო ჩვილებთან ერთად კლდიდან
ისროდნენ, მაგრამ მაინც არ არღვევდნენ ამ რჯულს, თუმცა წინასწარ იცოდნენ, რა
სასჯელიც მოელოდათ. |
|
|
26 |
რაკი არად ჩააგდო ხალხმა მეფის განკარგულებანი, მან დაიფიცა, რომ
თავისი ხელით იძულებით შეაჭმევდა თითოეულ მათგანს უსურმაგის ხორცს და იუდაელობას
დააგმობინებდა. |
|
|