1 |
ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
|
1 |
უძღებ არს ღვინო და შემაგინებელ სიმთრვალე, ხოლო ყოველნი უგუნურნი ეთანადებიან.
|
2 |
მეფის მუქარა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი განმარისხებელი თავს
დაიღუპავს. |
2 |
ზახილი ლომთა აშინებს პირუტყვთა და რისხვა მეფისა კაცთა, ხოლო
რომელმან გახარისხოს, ავნოს სულსა თვისსა. |
3 |
შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებაა, ყველა უმეცარი კი შფოთის ამტეხია.
|
3 |
დიდება კაცისა არს შორს-ყოფა შფოთთაგან, ხოლო უგუნურნი ყოველნი
აღერევიან. |
4 |
ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ
არაფერი ექნება. |
4 |
მცონარი კაცი არა შვრებინ ჴნულსა. და გაზაფხულ ითხოვნ იფქლსა და
არავინ მისცის. |
5 |
კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს.
|
5 |
წყალი ღრმა არს გონება კაცისა, ხოლო ბრძენმან კაცმან აღმოწბას იგი.
|
6 |
ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?
|
6 |
დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე, ხოლო კაცი სარწმუნო ძნიად
იპოოს. |
7 |
მართალი თავის უმწიკვლოებით დადის, ბედნიერნი არიან მისი შვილები
მის შემდეგ! |
7 |
რომელი იქცევინ სამართალსა უბიწოდ, სანატრელნი შვილნი დაუტევნის;
|
8 |
მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე ყოველ ბოროტებას საკუთარი თვალებით
ფანტავს. |
8 |
რამეთუ, რაჟამს მეფჱ მართალი დაჯდეს საყდართა სასჯელისათა, არა
დამდგომ არს წინაშე თუალთა მისთა ყოველი უკეთური. |
9 |
ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო? |
9 |
ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს თქმად,
ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან? |
10 |
მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა
უფლისათვის. |
10 |
სასწორი დიდი და მცირე და საწყაული ორი საძაგელ არს წინაშე უფლისა
(და რომელთა ყონ იგი, მითვე უბრკუმეს და შებრკოლდეს კაცი). |
11 |
ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც
აკეთებს. |
11 |
ჭაბუკი, რომელი სიწმიდით ხოლო ვალნ, მართალ არიედ ეზონი მისნი.
|
12 |
ყურს ესმის და თვალი ხედავს - ერთიც და მეორეც უფალმა შეჰქმნა.
|
12 |
ყურთა ესმინ, თუალთა ხედავნ. და უფალსა შეუქმნიან ორნივე.
|
13 |
ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით
დანაყრდები. |
13 |
ნუ გიყუარნ ძჳრისსიტყუაჲ, რათა არა შეიმუსრო; აღიხილენ თუალნი შენნი
და განსძღე პურითა. |
14 |
ცუდია, ცუდიაო, ამბობს მყიდველი. როცა კი წავა, ქებას მოჰყვება.
|
14 |
ძჳრსა უკეთურად იტყჳნ, რომელი ვალნ მას შინა, და წარმდებებით
იქადინ. |
15 |
მრავლად არის ოქრო და მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი საჭურჭლე კი
ცოდნის ბაგეა. |
15 |
არს ოქროჲ სიღრმე უფსკრულთა, ხოლო ჭურ პატიოსან არიან ბაგენი
მეცნიერნი. |
16 |
აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად. უცხო ქალის სანაცვლოდ
გამოართვი ნახუთევი. |
16 |
განეშორე მისგან, რომელი თავს-მდებ ექმნეს უცხოსა და სტუმართათჳს დაწინდულ
იქმნას. |
17 |
სიცრუის პური ეტკბილება კაცს, მერე კი მისი ღორღით აევსება პირი.
|
17 |
დაუტკბნა კაცსა პურნი სიცრუვისანი და აღავსო პირი მისი შანთითა
მჴურვალითა. |
18 |
გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად. |
18 |
გულისზრახვანი შეკრებულთაგან განირჩევიან და ბრძოლანი სიბრძნით
განემზადებიან. |
19 |
ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ
გაეკარები. |
19 |
რომელი განმცხადებელ არს ხვაშიადთა, ზაკვით ვალს და მაცთურობით
აღახვამს ბაგეთა, ხოლო შენ ნუ მიახლები. |
20 |
დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი. |
20 |
რომელმან განგმოს მამა-დედანი, დაუშრტეს ნათელი და გუგანი თვალთანი
დაუბნელდეს. |
21 |
თავიდან იოლად შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება.
|
21 |
ხვედრი, სურვილით აღებული, აღსასრულსა არა იკურთხოს. |
22 |
ნუ იტყვი, ბოროტებას სანაცვლოს მივაგებო, უფალს მიენდე და ის
გიშველის. |
22 |
ნუ იტყვი: რათა შურ-ვაგო მტერსა, არამედ მოითმინე უფლისათჳს, რათა
შემწე გეყოს. |
23 |
უთანასწორო საწონები სიბილწეა უფლის წინაშე და მატყუარა პინები არ
არის კარგი. |
23 |
ბილწ არიან წინაშე უფლისა საწყავნი ორრიგნი და სასწორი ზაკული არა
კეთილ მის წინაშე. |
24 |
უფლისგან არის კაცის ნაბიჯები; როგორღა გაიგნოს კაცმა თავისი
გზა-კვალი? |
24 |
უფლისაგან არს წარმართება - სლვა კაცისა, ხოლო მოკვდავთა ვითარ ცნან
გზანი თვისნი? |
25 |
კაცისთვის ხაფანგია დაუფიქრებლად რაიმეს სიწმიდედ შერაცხვა და
აღთქმათა მიცემის შემდეგ გამოჩხრეკა. |
25 |
მახე იჩქითი არს განმწარება წმიდათა, ხოლო შემდგომად შეწირონ და
ინანონ. |
26 |
ბრძენი მეფე ფანტავს ბოროტეულთ და მათ თავზე ბორბალს ატრიალებს.
|
26 |
განბნევა უღმრთოთა არს მეფე ბრძენი, რომელი ავლინებს მათ ზედა
ურმისთვალთა. |
27 |
კაცის ხელი უფლის ლამპარია, მისი შიგანის გამომკვლეველი. |
27 |
ნათელი უფლისა ბრწყინავს კაცთა ზედა, რომელი გამოიკვლევს საუნჯეთა
გულისათა. |
28 |
მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია მას თავისი
ტახტი. |
28 |
წყალობა და ჭეშმარიტება მცველ არს მეფეთა და გარეშემზღუდველ
საყდართა მისთა სიმართლე. |
29 |
ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი - ჭაღარა. |
29 |
სამკაული ჭაბუკთა - სიბრძნე თჳსი და დიდება მოხუცებულთა -
მჴცოვანებანი. |
30 |
ნაცემის ჭრილობა მოაქცევს უკუღმართს და დარტყმები განწმედს მის
შიგანს. |
30 |
კვეთა და წყლვა შეემთხვიოს ბოროტსა, ხოლო ტანჯვანი საუნჯეთა მუცლისა
მისისათა. |