1 |
საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.
|
1 |
საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად.
|
2 |
ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. |
2 |
ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს; |
3 |
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად. |
3 |
და ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთჳს, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად არს და აწცა სოფელსა შინა არს. |
4 |
თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად. |
4 |
თქუენ ღმრთისაგან ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათდა; რამეთუ უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან. |
5 |
ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ. |
5 |
იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა. |
6 |
ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას. |
6 |
ჩუენ ღმრთისაგან ვართ; რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო ვცნათ სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ. |
7 |
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს. |
7 |
საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. |
8 |
ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია. |
8 |
რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს. |
9 |
ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ. |
9 |
ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ. |
10 |
სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად. |
10 |
და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა. |
11 |
საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. |
11 |
საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული. |
12 |
ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.
|
12 |
ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს. |
13 |
იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის - ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ. |
13 |
ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ. |
14 |
ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად. |
14 |
და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა. |
15 |
ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის - ღმერთში. |
15 |
რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. |
16 |
ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში. |
16 |
და ჩუენ ვცნათ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. |
17 |
ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად. |
17 |
ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა. |
18 |
სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში. |
18 |
შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა. |
19 |
ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა. |
19 |
ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ. |
20 |
თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს? |
20 |
უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? |
21 |
და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. |
21 |
და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი. |