1 |
მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას?
|
1 |
რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ? |
2 |
უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა. |
2 |
ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი. |
3 |
მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას? |
3 |
არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? |
4 |
არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას. |
4 |
ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა. |
5 |
ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ. |
5 |
უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ. |
6 |
არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა? |
6 |
ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი? |
7 |
მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი? |
7 |
უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები? |
8 |
მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? |
8 |
და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს. |
9 |
მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ. |
9 |
აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ. |
10 |
როგორც დაწერილია: არავინაა მართალი. |
10 |
ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, |
11 |
არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს. |
11 |
არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; |
12 |
ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. |
12 |
ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე. |
13 |
პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე. |
13 |
სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, |
14 |
პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე. |
14 |
რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. |
15 |
ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად. |
15 |
მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა; |
16 |
ნგრევა და ვარამია მათ გზაზე.
|
16 |
შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა; |
17 |
ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა. |
17 |
და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. |
18 |
ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ. |
18 |
არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა. |
19 |
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს. |
19 |
ხოლო ესე უწყით, რამეთუ რაოდენსა შჯული იტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, და საშჯელსა თანა-მდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისაჲ, |
20 |
ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. |
20 |
რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ. |
21 |
ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული, |
21 |
ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა, |
22 |
ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება, |
22 |
ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება, |
23 |
რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. |
23 |
რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, |
24 |
მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით, |
24 |
ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა. |
25 |
ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით, |
25 |
რომელი-იგი წინაწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით სისხლითა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა, |
26 |
რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი. |
26 |
თავს-დებითა ღმრთისაჲთა გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა. |
27 |
მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. |
27 |
სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მეა? არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა. |
28 |
რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად. |
28 |
რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა. |
29 |
ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც. |
29 |
ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? ჰე, წარმართთაჲცა. |
30 |
რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით. |
30 |
ვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა. |
31 |
მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას. |
31 |
აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ. არამედ შჯულსა დავამტკიცებთ. |