1 |
ან იქნებ არ იცით, ძმებო, - რაკიღა რჯულის მცოდნეთ მივმართავ, - რომ ვიდრე კაცი ცოცხალია, სიკვდილი მბრძანებლობს მასზე.
|
1 |
ანუ არა უწყითა, ძმანო, - რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, - ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი?
|
2 |
რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან. |
2 |
რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. |
3 |
ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად. |
3 |
აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა. |
4 |
თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის. |
4 |
ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა. |
5 |
ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი. |
5 |
რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა; |
6 |
ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით. |
6 |
ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა. |
7 |
მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს. |
7 |
რაჲ-მე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვა-მე არსა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან. რამეთუ გულის-თქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული-გითქუამნ. |
8 |
მაგრამ ცოდვამ მცნებისგან მიიღო საბაბი და ჩამინერგა ყველა სურვილი; რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია. |
8 |
მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულის-თქუმაჲ: რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს. |
9 |
ხოლო მე ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი, და როცა მოიწია მცნება, ცოდვა გაცოცხლდა. |
9 |
ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა, |
10 |
მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა. |
10 |
და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად. |
11 |
რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა. |
11 |
რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა. |
12 |
ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. |
12 |
ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ. |
13 |
ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.
|
13 |
აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან. |
14 |
რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული. |
14 |
ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა. |
15 |
ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. |
15 |
რამეთუ რომელსა-იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ. |
16 |
ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია. |
16 |
ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანა-მოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს. |
17 |
ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. |
17 |
აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. |
18 |
რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში. |
18 |
რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ. |
19 |
ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. |
19 |
რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. |
20 |
ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. |
20 |
ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. |
21 |
და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით. |
21 |
ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც? |
22 |
ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები. |
22 |
რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა. |
23 |
მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში. |
23 |
და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა. |
24 |
ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? |
24 |
უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა? |
25 |
ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს. |
25 |
ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ რჩულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა შჯულსა ცოდვისასა. |