1 |
ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ,
|
1 |
ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა,
|
2 |
რომ დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა; |
2 |
რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ. |
3 |
ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო, |
3 |
რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ - ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად, |
4 |
რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც. |
4 |
რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და სჯულის-დებანი და მსახურებანი და მითხრობანი; |
5 |
მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ. |
5 |
რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ. |
6 |
მაგრამ ისე კი არა, თითქოს გაცუდდა სიტყვა ღვთისა, რადგან ვინცაა ისრაელისგან, ყველა როდია ისრაელიტი. |
6 |
ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ, |
7 |
და არც აბრაამის შვილია ყველა, ვინც მისი თესლისაგან არის; არამედ ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი თესლი“. |
7 |
არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ. არამედ „ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი“. |
8 |
ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად. |
8 |
ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად. |
9 |
რადგანაც ასეთია აღთქმის სიტყვა: „ამ დროს მოვალ, და ეყოლება სარას ძე“. |
9 |
რამეთუ აღთქუმისაგან არს სიტუყუაჲ ესე, ვითარმედ: ჟამსა ოდენ ამას მოვიდე, და ესუას სარრას ძე. |
10 |
და არა მარტო ეს; არამედ რებეკაც ერთი კაცის - მამაჩვენ ისააკისაგან დაფეხმძიმდა, |
10 |
და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა (ორ ძე) ისაკის მამისა ჩუენისა; |
11 |
მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრანვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად, |
11 |
რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაჲ კეთილი გინა ბოროტი, - რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს. |
12 |
საქმეთა მიხედვით კი არა, არამედ მხმობელის ნებით), რომ ქალს ეუწყა: „უფროსი დაემონება უმცროსს“.
|
12 |
არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, - რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა მას. |
13 |
როგორც წერია: „იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე“. |
13 |
ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე. |
14 |
რას ვიტყვით? ნუთუ უსამართლობაა ღმერთში? არამც და არამც. |
14 |
რაჲ-მე უკუე ვთქუათ? ნუ სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? ნუ იყოფინ! |
15 |
რადგანაც მოსეს ეუბნება: „შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიწყნარებ, ვისაც შევიწყნარებ“. |
15 |
რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყჳს: შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო. |
16 |
მაშასადამე, ეს კაცის ნება-სურვილზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის მოწყალებაზე. |
16 |
აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა. |
17 |
რადგანაც წერილი ეტყვის ფარაონს: „სწორედ იმისთვის დაგადგინე, რათა ჩემი ძალა გიჩვენო, და განითქვას ჩემი სახელი მთელს ქვეყანაზე“. |
17 |
რამეთუ ეტყჳს წიგნი ფარაოს, ვითარმედ: აღ-ვე ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა. |
18 |
ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს. |
18 |
აწ უკუე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს. |
19 |
შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას? |
19 |
ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსა-ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა? |
20 |
კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო? |
20 |
აწ უკუე, ჵ კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუა ნუ-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე? |
21 |
იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც? |
21 |
ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ? |
22 |
მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას, |
22 |
უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად, |
23 |
რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,
|
23 |
და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაწარ განჰმზადნა სადიდებელად, |
24 |
ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც? |
24 |
რომელთაცა-ესე მიწოდნა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა? |
25 |
როგორც ოსიაში ამბობს: „ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს. |
25 |
ვითარცა ოსეს შინა იტყჳს: უწოდო არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა და არა საყუარელსა ჩემსა საყუარელად. |
26 |
და სადაც ითქვა მათ მიმართ: თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი, იქვე ცოცხალი ღმრთის ძეებად იწოდებიან“. |
26 |
და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ერქუა მათ: არა ერი ჩემი თქუენ, მუნ იწოდნენ ძედ ღმრთისა ცხოველისა. |
27 |
ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება. |
27 |
ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს; |
28 |
რადგან უფალი თავის სიტყვას მთლიანად და დაუყოვნებლივ აღასრულებს დედამიწაზე“. |
28 |
რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა. |
29 |
და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდი როგორც სოდომი და გომორას ვემსგავსებოდით“. |
29 |
და ვითარცა-იგი წინაწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით. |
30 |
რას ვიტყვით? წარმართნი, რომელნიც არ ეძებდნენ სიმართლეს, ეწივნენ სიმართლეს, სიმართლეს რწმენის მიერ. |
30 |
აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. |
31 |
ხოლო ისრაელი, რომელიც ეძებდა სიმართლის რჯულს, სიმართლის რჯულს ვერ მისწვდა. |
31 |
ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუდა. |
32 |
რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს. |
32 |
რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა, რამეთუ შეჰბრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა. |
33 |
როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“. |
33 |
ვითარცა წერილ არს: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა შებრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა; და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუენეს. |