1 |
ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.
|
1 |
გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი.
|
2 |
ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული. |
2 |
და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ: კეთილი, სათნოჲ და სრული. |
3 |
ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს. |
3 |
რამეთუ ვეტყჳ მადლითა ღმრთისაჲთა, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა. |
4 |
ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე, |
4 |
ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, |
5 |
ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ. |
5 |
ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ. |
6 |
და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე, |
6 |
ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითო-სახედ, გინა თუ წინაწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა, |
7 |
თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე, |
7 |
გინა რომელი ჰმსახურებდეს მსახურებითა მით; გინა რომელი ასწავებდეს - სწავლითა მით; |
8 |
თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე. |
8 |
გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს - ნუგეშინის-ცემითა მით; რომელი მისცემდეს - უხუებით; რომელი ზედა-ადგებოდის - მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს - მხიარულებით, |
9 |
დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს. |
9 |
სიყუარულითა შეუორგულებელითა. განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა; |
10 |
ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას. |
10 |
ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით; |
11 |
გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს. |
11 |
სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით; |
12 |
გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.
|
12 |
სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით; |
13 |
შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად. |
13 |
საჴმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ, სტუმრის მოყუარებასა შეუდეგით; |
14 |
აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ. |
14 |
აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ; |
15 |
ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან. |
15 |
გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა; |
16 |
ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი. |
16 |
და მასვე ურთიერთას ზრახევდით; ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით; ნუ იქმნებით ბრძენ თავით თჳსით |
17 |
ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას. |
17 |
და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა. |
18 |
თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. |
18 |
უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით. |
19 |
თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“. |
19 |
ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. |
20 |
ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. |
20 |
არამედ შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და, სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა. |
21 |
ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი. |
21 |
ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას. |