1 |
მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.
|
1 |
მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა. |
2 |
იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას. |
2 |
ხოლო გაქებთ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გაჴსოვს, და ვითარცა-იგი მიგეც თქუენ, მოძღურებაჲ იგი შეიკრძალეთ. |
3 |
ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი. |
3 |
და მნებავთ თქუენი უწყებაჲ, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა - ქმარი; და თავ ქრისტესა - ღმერთი. |
4 |
ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს. |
4 |
ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაბურვილად, არცხუენს თავსა თჳსსა. |
5 |
და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს. |
5 |
და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი. |
6 |
ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს. |
6 |
რამეთუ უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, და იკუეცენცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს დედაკაცისა კუეცაჲ გინა დაყუენვაჲ, დაიბურენ მან. |
7 |
ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. |
7 |
მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს. |
8 |
რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. |
8 |
რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; |
9 |
და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. |
9 |
და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს. |
10 |
ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის. |
10 |
ამისთჳს ჯერ-არს დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა თჳსსა ზედა ანგელოზთათჳს. |
11 |
თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში. |
11 |
ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა უფლისა მიერ. |
12 |
ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის. |
12 |
რამეთუ ვითარცა-იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეთცა ქმარი - ცოლისათჳს; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს. |
13 |
თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე?
|
13 |
თჳთ თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე: შუენისა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე ღმრთისა ლოცვაჲ? |
14 |
განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის? |
14 |
არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა. |
15 |
ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა. |
15 |
ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაჲ იგი სამკაულად მოეცა მას. |
16 |
მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას. |
16 |
ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა. |
17 |
ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის. |
17 |
ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით. |
18 |
ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. |
18 |
პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაჲმე მრწამს. |
19 |
ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის. |
19 |
რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდენ. |
20 |
ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით. |
20 |
შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ. |
21 |
რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი. |
21 |
რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი იგი სერი წინაწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე ჰშიინ და რომელსამე სთრავნ. |
22 |
ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ. |
22 |
ნუუკუე სახლებ არა გიდგსა ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფთ და არცხუენთ მათ, რომელთა არარაჲ აქუს? რაჲ-მე გრქუა თქუენ? გაქებდეა ამისთჳს? არა გაქებ. |
23 |
რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური, |
23 |
რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური. |
24 |
მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად, |
24 |
ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. |
25 |
ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად.
|
25 |
ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენ-გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად. |
26 |
ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე. |
26 |
რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. |
27 |
ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. |
27 |
ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა. |
28 |
მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას. |
28 |
გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. |
29 |
რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს. |
29 |
ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი. |
30 |
ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება. |
30 |
ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი. |
31 |
რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი. |
31 |
რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით. |
32 |
განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ. |
32 |
ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ. |
33 |
ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ. |
33 |
ამიერითგან, ძმანო ჩემნო, შე-რაჲ-ჰკრბებოდით ჭამად, ურთიერთას ჰგებდით. |
34 |
ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ. |
34 |
ხოლო უკუეთუ ვისმე შიოდის, სახლსა შინა ჭამენ, რაჲთა არა დასაშჯელად შეჰკრბეთ. ხოლო სხუაჲ იგი, ოდეს მოვიდე, მაშინ ვბრძანო. |