1 |
ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.
|
1 |
ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი-იგი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა, |
2 |
ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით. |
2 |
რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გადაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა; |
3 |
რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც. |
3 |
რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა, ვეწამები, და უფროჲს ძალისაცა ნეფსით თჳსით. |
4 |
თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში. |
4 |
მრავლითა ვედრებითა გუევედრნეს მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ. |
5 |
და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით. |
5 |
და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს პირველად უფალსა და მერმე ჩუენ ნებითა ღმრთისაჲთა. |
6 |
ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენს შორის. |
6 |
რაჲთა ვჰლოცვიდეთ ჩუენ ტიტეს, რაჲთა ვითარცა-იგი წინაწარ იწყო, ეგრეთვე აღასრულოს თქუენდა მიმართ ესეცა მადლი. |
7 |
და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.
|
7 |
არამედ ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით: სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა და ჩუენ მიერითა მით თქუენ შორის სიყუარულითა, რაჲთა ამითცა მადლითა აღემატნეთ. |
8 |
ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს. |
8 |
არა თუ ბრძანებით გეტყჳ, არამედ სხუათა მოსწრაფებისათჳს თქუენისა მისცა სიყუარულისა გულითადობასა გამოვიცდი. |
9 |
რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. |
9 |
რამეთუ იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რამეთუ თქუენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაჲთა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმდიდრდეთ. |
10 |
მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან. |
10 |
და ამისათჳს გაზრახებ, რამეთუ ესე უმჯობეს არს თქუენდა, რომელთა-ეგე არა ხოლო თუ ყოფად, არამედ ნებადცა წინაწარ იწყეთ შრანდითგან. |
11 |
მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ. |
11 |
ხოლო აწ ესერა ყოფადცა აღასრულეთ, რაჲთა ვითარცა-იგი გულს-მოდგინებაჲ ნებისათჳს, ეგრეთცა აღსრულებაჲ მისგან, რომელი-იგი გაქუს. |
12 |
ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს. |
12 |
რამეთუ უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს. |
13 |
ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ - ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს.
|
13 |
რამეთუ არა, რაჲთა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი, არამედ განსწორებით. |
14 |
ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა. |
14 |
ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა იყოს განსწორებულ. |
15 |
რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“. |
15 |
ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა. |
16 |
მადლობა ღმერთს, რომელმაც ასეთი სწრაფვა ჩაუნერგა ტიტეს გულს თქვენს მიმართ. |
16 |
ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მოსცა იგივე სწრაფაჲ თქუენთჳს გულსა ტიტესსა. |
17 |
რადგანაც არა მარტო შეიწყნარა თხოვნა, არამედ გულმოდგინებით აღძრული თავისი ნებით გამოეშურა თქვენსკენ. |
17 |
რამეთუ ვედრებაჲ იგი შეიწყნარა და უმოსწრაფეს რაჲ იყო, ნეფსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ. |
18 |
მასთან ერთად წარმოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის. |
18 |
და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა, |
19 |
მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად. |
19 |
და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა-გუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად გულს-მოდგინებისა თქუენისათჳს. |
20 |
თანაც ვფრთხილობთ, რომ არავინ დაგვგმოს იმ უხვი შემოწირულობის გამო, რაც შეგროვებულ იქნა ჩვენი მსახურებით. |
20 |
ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ. |
21 |
რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც. |
21 |
რამეთუ წინაწარ განვიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა. |
22 |
მათთან ერთადვე გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც ბევრჯერ გამოგვიცდია სხვადასხვა საქმეში, ხოლო ამჟამად კიდევ უფრო გულმოდგინეა, რადგანაც დიდი ნდობა აქვს თქვენი. |
22 |
და ამათ თანა მივავლინეთ ძმაჲ ჩუენი, რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა მრავალ-გზის, და არს იგი მოსწრაფე, ხოლო აწ ფრიად უმოსწრაფეს სასოებითა მრავლითა თქუენდა მიმართ. |
23 |
ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი. |
23 |
გინა თუ ტიტესთჳს, საქმისა ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა შემწისა, გინა თუ ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი. |
24 |
მაშ, ეკლესიების წინაშე დაუდასტურეთ თქვენი სიყვარული და ისიც, რის გამოც მართებულად ვიქადით თქვენით. |
24 |
აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა. |