1 |
ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული?
|
1 |
ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული? |
2 |
მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? |
2 |
ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან შჯულისათა სული იგი მიიღეთ ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა? |
3 |
ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ? |
3 |
ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ? |
4 |
ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ! |
4 |
ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად! |
5 |
ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით? |
5 |
აწ უკუე რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა? |
6 |
როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას. |
6 |
ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ. |
7 |
მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან. |
7 |
უწყით-მეა, რამეთუ სარწმუნოებისაგანნი იგი არიან შვილნი აბრაჰამისნი? |
8 |
და წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: „შენში იკურთხება ყველა ხალხი“. |
8 |
რამეთუ წინაწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებითა განამართლებს წარმართთა ღმერთი, წინაწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ: შენდამი იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი. |
9 |
ასე რომ, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან. |
9 |
აწ უკუე სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა. |
10 |
ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“. |
10 |
რამეთუ რაოდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისა. |
11 |
ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“. |
11 |
და რამეთუ შჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე, ცხად არს, რამეთუ: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს. |
12 |
ხოლო რჯული რწმენით როდია, არამედ ვინც მას აღასრულებს, მისითვე იცოცხლებს. |
12 |
ხოლო შჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ ვინმე იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა. |
13 |
ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“, |
13 |
ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა. |
14 |
რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით. |
14 |
რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა. |
15 |
კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას. |
15 |
ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, ვითარმედ: კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა. |
16 |
ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე.
|
16 |
ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა. არა იტყჳს „და ნათესავთა“, ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა; „და ნათესავისა შენისა“, რომელ არს ქრისტე.
|
17 |
მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ. |
17 |
ხოლო ამას ვიტყჳ წიგნად აღთქუმისა დამტკიცებულად ღმრთისა მიერ ქრისტეს მიმართ, რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო შჯული, არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაჲთამცა განაქარვა აღთქუმაჲ იგი. |
18 |
რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს. |
18 |
რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან. |
19 |
კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით. |
19 |
აწ უკუე რაჲ შჯული? გარდასლვისათჳს-მე მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა? |
20 |
მაგრამ შუამავალი შეუძლებელია ერთის მიმართ იყოს შუამავალი, ღმერთი კი ერთია. |
20 |
ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს. |
21 |
მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე. |
21 |
აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე. |
22 |
მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ. |
22 |
არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა. |
23 |
რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. |
23 |
ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე. |
24 |
ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. |
24 |
ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ. |
25 |
ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. |
25 |
ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ. |
26 |
რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. |
26 |
რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა. |
27 |
ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. |
27 |
რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. |
28 |
აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. |
28 |
არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ. |
29 |
ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, - მემკვიდრენიც. |
29 |
ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი. |