1 |
ამასაც ვიტყვი: ვიდრე მემკვიდრე ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია.
|
1 |
ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.
|
2 |
არამედ, მამის მიერ მიჩენილ დრომდე, მზრუნველებსა და მეურვეებს ემორჩილება. |
2 |
არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა. |
3 |
ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ საწყისთ ვემონებოდით. |
3 |
ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ. |
4 |
მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს. |
4 |
ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე, |
5 |
რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა. |
5 |
რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ. |
6 |
ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“! |
6 |
და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო. |
7 |
ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ. |
7 |
ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ. |
8 |
მაგრამ მაშინ არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ, რომელნიც, ბუნებით, არც არიან ღმერთები. |
8 |
არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ. |
9 |
ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ? |
9 |
ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად? |
10 |
დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით. |
10 |
დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა. |
11 |
ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის. |
11 |
მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ. |
12 |
გევედრებით, ძმანო, ჩემსავით იყავით, ვინაიდან მეც თქვენსავით ვარ. არაფერი დაგიშავებიათ ჩემთვის.
|
12 |
იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ. ძმანო, გევედრები თქუენ, არარაჲ შემცოდეთ მე. |
13 |
ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ. |
13 |
ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად; |
14 |
მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო. |
14 |
და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ. |
15 |
სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? რადგანაც გემოწმებით: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით. |
15 |
რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე, |
16 |
მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ? |
16 |
ვითარცა მტერ რაჲ-მე გექმენ თქუენ, რომელი-ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ? |
17 |
თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი გამოიდოთ მათთვის.
|
17 |
გეშურობდა თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ. |
18 |
მაგრამ სასიკეთოა მუდმივი მცდელობა სიკეთისათვის, და არა მარტო მაშინ, როცა თქვენთანა ვარ. |
18 |
ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისვლასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ, |
19 |
შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე. |
19 |
შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის. |
20 |
ოჰ, ნეტა თქვენს შორის ვიყო და ხმა გამომაცვლევინა, ვინაიდან აღარა მესმის რა თქვენი. |
20 |
ხოლო მინდა მისლვად თქუენდა და აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს. |
21 |
მითხარით, რჯულის ქვეშ ყოფნის მოსურნენო, უსმენთ თუ არა რჯულს? |
21 |
მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა? |
22 |
რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი - თავისუფალი ქალისაგან. |
22 |
რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს: ერთი მჴევლისგან და ერთი აზნაურისაგან. |
23 |
მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა - აღთქმისაგან, |
23 |
არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციელად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაჲ იგი - აღთქუმისაგან. |
24 |
რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი, |
24 |
რომელი-იგი არს იგავად, რამეთუ ესე არიან ორნი შჯულნი: ერთი იგი სინა მთით, შობილი მონებად, რომელ არს აგარ. |
25 |
რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია. |
25 |
რამეთუ აგარ სინა მთაჲ არს არაბიას, ხოლო თანა-შეეტყუების ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა. |
26 |
ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა. |
26 |
ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ. |
27 |
რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“. |
27 |
რამეთუ წერილ არს: იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე რომელსა-იგი ესუას ქმარი. |
28 |
ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. |
28 |
ხოლო ჩუენ, ძმანო, ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ. |
29 |
და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც. |
29 |
არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეთცა აწ. |
30 |
მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. |
30 |
არამედ რასა იტყჳს წიგნი? განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი; რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა. |
31 |
ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა. |
31 |
ხოლო ჩუენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მჴევლისანი, არამედ აზნაურისანი. |