1 |
ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით,
|
1 |
მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა, |
2 |
ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი, |
2 |
რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი, |
3 |
რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი, |
3 |
რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ, უტჳრთვან ყოველნივე სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაჲთა, თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა; |
4 |
ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი. |
4 |
ესოდენ უმჯობეს იყო ანგელოზთა, რაოდენცა უმჯობესი მათსა დაიმკჳდრა სახელი. |
5 |
ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება ჩემი ძე“. |
5 |
რამეთუ ოდეს-სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ? და მერმე იტყჳს: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე. |
6 |
ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“. |
6 |
და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად, იტყჳს: და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი. |
7 |
ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ - ალად ცეცხლისა“. |
7 |
ხოლო ანგელოზთათჳს იტყჳს: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. |
8 |
ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“. |
8 |
ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ. |
9 |
„შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“. |
9 |
შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ. ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა. |
10 |
და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. |
10 |
და: შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან; |
11 |
ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი. |
11 |
იგინი წარჴდენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე; და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, |
12 |
სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“. |
12 |
და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს. |
13 |
რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“? |
13 |
ოდეს-სადა ვის ანგელოზთაგანსა ჰრქუა სადამე: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშა ფერჴთა შენთა? |
14 |
განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე? |
14 |
ანუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთჳს, რომელთაჲ-იგი დამკჳდრებად არს ცხორებაჲ? |