1 |
რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი.
|
1 |
რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად. |
2 |
ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა. |
2 |
უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა, |
3 |
მაგრამ მსხვერპლშეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას. |
3 |
არამედ მათ შინა კუალად მოჴსენებაჲ ცოდვათაჲ წლითი წლად, |
4 |
რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით. |
4 |
რამეთუ ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთაჲ აჴოცად ცოდვათა. |
5 |
ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე. |
5 |
ამისთჳს შემო-რაჲ-ვალს სოფლად, იტყჳს: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე. |
6 |
სრულდასაწველრ და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე. |
6 |
საკუერთხი ცოდვათათჳს არა ინებე. |
7 |
მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრუღთ შენი ნება, ღმერთო“. |
7 |
მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ, თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს ყოფად, ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა. |
8 |
ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო, |
8 |
ზემო კერძო იტყჳს, ვითარმედ: მსხუერპლი და შესაწირავი და საკუერთხი, და ცოდვათათჳს არა ინებე, არცა სათნო-იყავ, რომელნი-იგი მსგავსად შჯულისა შეიწირვიან, |
9 |
შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს. |
9 |
მაშინ თქუა: ესერა მოვალ ყოფად ნებისა შენისა, აიღებს პირველსა მას, რაჲთა მეორე იგი დაამტკიცოს. |
10 |
სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. |
10 |
რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის. |
11 |
რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას. |
11 |
და ყოველი იგი მღდელი დგან დღითი დღე მსახურებასა მას და მათვე მსხუერპლთა შესწირავნ მრავალ-გზის, რომელნი-იგი არასადა შემძლებელ არიან აჴოცად ცოდვათა. |
12 |
მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. |
12 |
ხოლო თავადმან ერთ-გზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათჳს სამარადისოდ და დაჯდა იგი მარჯუენით ღმრთისა |
13 |
მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ. |
13 |
და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნენ მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა. |
14 |
რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი.
|
14 |
რამეთუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმედილთა მათთჳს, |
15 |
ამასვე გვიმოწმებს სული წმიდაც, რადგანაც ნათქვამია: |
15 |
ხოლო მეწამების ჩუენ სული წმიდაჲცა, რამეთუ შემდგომად სიტყჳსა მის, |
16 |
„ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, - ამბობს უფალი, - ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ. |
16 |
ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი აღვთქუა მათა მიმართ შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი, მივსცენ შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი |
17 |
აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას“. |
17 |
და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე. |
18 |
ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება. |
18 |
ხოლო სადა ამათი მოტევებაჲ არს, არღარა ჴამს მსხუერპლი ცოდვათათჳს. |
19 |
ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით, |
19 |
გუაქუს უკუე, ძმანო, კადნიერებაჲ შესლვად სიწმიდეთა მათ სისხლითა იესუჲსითა, |
20 |
ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით, |
20 |
რომელ-იგი განგჳახლა ჩუენ გზაჲ ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით, ესე იგი არს ჴორცითა მისთაჲთა, |
21 |
და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში, |
21 |
და მღდელთმოძღუარი დიდი სახლსა შინა ღმრთისასა, |
22 |
მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი, |
22 |
მოუჴდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულ-სავსებითა სარწმუნოებისაჲთა, სხურებულნი გულითა იჭჳსაგან ბოროტისა |
23 |
მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი. |
23 |
და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი სასოებისაჲ მოუდრეკელად, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან-იგი აღმითქუა. |
24 |
ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი. |
24 |
და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა. |
25 |
ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას. |
25 |
ნუ დაუტევებთ შესაკრებელსა თჳსსა, ვითარცა-იგი ჩუეულებაჲ არს ვიეთიმე, არამედ ნუგეშინის-სცემდით და ესოდენ უფროჲს, რაოდენ-ესე ხედავთ მოახლებულსა ამას დღესა. |
26 |
რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის. |
26 |
რამეთუ ნეფსით შეცოდებათა ჩუენთათჳს, შემდგომად მოღებისა მის ცნობისა ჭეშმარიტებისა, არღარა ცოდვათათჳს მოაკლდების მსხუერპლი, |
27 |
არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი.
|
27 |
არამედ საშინელი რაჲმე მოლოდებაჲ საშჯელისაჲ და ცეცხლისა შური შესჭამდეს მტერთა მათ. |
28 |
თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს, |
28 |
უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების. |
29 |
როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს? |
29 |
რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა? |
30 |
რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“. |
30 |
რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. და კუალად იტყჳს, რამეთუ: განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. |
31 |
მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში! |
31 |
საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა. |
32 |
გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი; |
32 |
მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ, |
33 |
როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ. |
33 |
ესე არს, ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველ იქმნენით და ესე, რამეთუ ეზიარენით მათ, რომელნი-იგი მათ შინა იქცეოდეს; |
34 |
ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში. |
34 |
და რამეთუ კრულებათა მათ ჩემთათჳს გელმოდა, და იავარის-ყოფაჲ იგი მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ; უწყით, რამეთუ გაქუს თავისა თქუენისა საუნჯე უმჯობესი, ცათა შინა დადგრომილი. |
35 |
მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის. |
35 |
ნუ განიშორებთ განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის მოგებაჲ. |
36 |
მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. |
36 |
რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი. |
37 |
ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი. |
37 |
რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს. |
38 |
მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული. |
38 |
ხოლო მართალი სარწმუნოებით ცხონდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა. |
39 |
მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად. |
39 |
ხოლო ჩუენ არა ვართ ჯმნულებისანი მის წარსაწყმედელად, არამედ სარწმუნოებისანი შესაწევნელად სულისა. |