1 |
ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.
|
1 |
ხოლო არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა, |
2 |
რადგანაც რწმენით მიეცა მოწმობა უხუცესთ. |
2 |
რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი. |
3 |
რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს. |
3 |
სარწმუნოებით გჳცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყჳთა ღმრთისაჲთა, არა-საჩინოჲსაგან ხილულად შექმნულად. |
4 |
რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს. |
4 |
სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა, რომლისაგან იწამა, ვითარმედ მართალ არს წამებითა ღმრთისაჲთა მსხუერპლთა მათ მისთა ზედა; და ამისთჳს მო-ღათუ-კუდა, მერმე იტყჳსვე-ღა. |
5 |
რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს. |
5 |
სარწმუნოებით ენუქ გარდაიცვალა, რაჲთა არა იხილოს სიკუდილი; და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან. რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან. |
6 |
რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ. |
6 |
ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების. |
7 |
რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე. |
7 |
სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოვე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ. |
8 |
რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა. |
8 |
სარწმუნოებით იწოდა რაჲ აბრაჰამ, ერჩდა გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად იყო მისა სამკჳდრებელად; და გამოვიდა და არა უწყოდა, ვიდრე მოვიდოდა. |
9 |
რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად. |
9 |
სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა; |
10 |
ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი. |
10 |
რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს. |
11 |
რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
|
11 |
სარწმუნოებით იგიცა სარრა, ბერწ ღათუ იყო, ძალი მიიღო შესაწყნარებელად თესლისა და ჟამთა გარდასრულმან შვა, რამეთუ სარწმუნოდ შეჰრაცხა, რომელმან-იგი აღუთქუა მას. |
12 |
ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას. |
12 |
ვინაჲცა ერთისაგან იშვნეს და ესე მკუდრისა მისგან, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ ურიცხჳ. |
13 |
რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად. |
13 |
სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს და აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუყანასა ზედა. |
14 |
რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ. |
14 |
რამეთუ რომელნი-იგი ესევითარსა იტყჳედ, გამოაჩინებენ, ვითარმედ მამულსა ეძიებენ. |
15 |
ის სამშობლო რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას. |
15 |
და თუმცა მას მოიჴსენებედეს, ვინაჲ-იგი გამოვიდეს, აქუნდამცა ჟამი მიქცევისაჲ. |
16 |
მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ. |
16 |
ხოლო აწ უმჯობესსა მას გული ეტყჳს, ესე იგი არს ზეცისასა; ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად, რამეთუ განუმზადა მათ ქალაქი. |
17 |
რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი, |
17 |
სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო, |
18 |
რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“. |
18 |
რომლისა მიმართ ითქუა, ვითარმედ: ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად. |
19 |
რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში. |
19 |
ესრეთ შეჰრაცხა, ვითარმედ მკუდრეთითცა აღდგინებად შემძლებელ არს ღმერთი, რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი. |
20 |
რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის. |
20 |
სარწმუნოებით მერმეთა მათთჳს ისაკმან აკურთხა იაკობი და ესავი. |
21 |
რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
|
21 |
სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა. |
22 |
რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე. |
22 |
სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო. |
23 |
რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. |
23 |
სარწმუნოებით მოსე, იშვა რაჲ, დამალეს სამ თუე მამა-დედათა მისთა, რამეთუ იხილეს მკჳრცხლ ყრმაჲ იგი, და არა შეიშინეს ბრძანებისა მისგან მეფისა. |
24 |
რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, |
24 |
სარწმუნოებით მოსე, გან-რაჲ-მწჳსნა, უარ-ყო სახელის-დებად შვილად ასულისა ფარაოჲსა, |
25 |
და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას. |
25 |
უფროჲსღა გამოირჩია თანა-ძჳრის-ხილვაჲ ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა რაჲთა აქუნდეს მას საწუთროჲ იგი საშუებელი ცოდვისაჲ; |
26 |
ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს. |
26 |
უფროჲსად სიმდიდრედ შეჰრაცხა ეგჳპტისა საფასეთა ყუედრებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ჰხედვიდა იგი სასყიდლის კუალად-გებასა. |
27 |
რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა. |
27 |
სარწმუნოებით დაუტევა ეგჳპტე და არა შეიშინა გულის წყრომისა მისგან მეფისა, რამეთუ უხილავი იგი ვითარცა ხილული შეჰრაცხა. |
28 |
რწმენით აღასრულა პასექი და სისხლის პკურება, რათა პირმშოთა მომსრველს ხელი ვერ ეხლო მათ პირმშოთათვის. |
28 |
სარწმუნოებით ყო ზატიკი იგი და პკურებაჲ იგი სისხლისაჲ, რაჲთა არა მომსრველი იგი პირმშოთაჲ შეეხოს მათ. |
29 |
რწმენით გადავლეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ხოლო ეგვიპტელები, იგივე რომ დააპირეს, უფსკრულს დაინთქნენ. |
29 |
სარწმუნოებით წიაღჴდეს ზღუასა მას მეწამულსა, ვითარცა ჴმელსა ქუეყანასა, რომელსა-იგი აზმნეს მეგჳპტელთა და დაინთქნეს. |
30 |
რწმენით დაემხო იერიხონის გალავანი შვიდდღიანი ალყის შედეგად. |
30 |
სარწმუნოებით ზღუდენი იერიქოჲსანი დაეცნეს გარე-მოდგომითა შჳდ დღე. |
31 |
რწმენით იყო, რომ ურჩებთან ერთად არ დაიღუპა მეძავი რააბი, რომელმაც მშვიდთბით მიიღო მსტოვარნი.
|
31 |
სარწმუნოებით რააბ, მეძავი იგი, არა წარწყმდა ურჩთა მათ თანა, რამეთუ შეიწყნარნა მსტუარნი იგი მშჳდობით. |
32 |
მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად, |
32 |
და რაჲღა-მე ვთქუა? რამეთუ დამაკლებს მე ჟამი ესე მითხრობად გედეონისთჳს, ბარაკისთჳს და სამფსონისთჳს და რეფთაჲსთჳს, დავითისთჳს და სამოელისთჳს და წინაწარმეტყუელთა, |
33 |
რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, |
33 |
რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი; |
34 |
შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. |
34 |
დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ. |
35 |
ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. |
35 |
მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ. |
36 |
სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი. |
36 |
ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა; |
37 |
იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), |
37 |
ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი, |
38 |
უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. |
38 |
რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა. |
39 |
ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, |
39 |
და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი, |
40 |
რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი. |
40 |
რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ. |