1 |
ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო.
|
1 |
და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ სჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად. |
2 |
როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან. |
2 |
და ვითარ იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალჱმდ ამის ცილობისათჳს. |
3 |
ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს. |
3 |
და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან. და გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა. |
4 |
იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად. |
4 |
და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალჱმდ, შეწყნარებულ იქმნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რაოდენი-რაჲ ღმერთმან ყო მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. |
5 |
მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული. |
5 |
აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი. |
6 |
მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. |
6 |
შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს. |
7 |
ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. |
7 |
და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაჲ, აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და რწმუნებად; |
8 |
გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა. |
8 |
და გულთ მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ; |
9 |
ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან. |
9 |
და არარაჲ განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი. |
10 |
მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა? |
10 |
აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად? |
11 |
მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც. |
11 |
არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა სახედ-იგი მათ. |
12 |
დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. |
12 |
და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლჱსსა მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ. |
13 |
როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ: |
13 |
და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი: |
14 |
სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით.
|
14 |
სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა; |
15 |
მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია: |
15 |
და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: |
16 |
„შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას, |
16 |
ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, და დამჴობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, |
17 |
რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი“. |
17 |
რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან, |
18 |
ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი. |
18 |
რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკნითგან. |
19 |
ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას. |
19 |
ამისთჳს მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, |
20 |
არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს. |
20 |
არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ. |
21 |
ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში. |
21 |
რამეთუ მოსეს პირველთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი იგი მისნი დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის მათთა. |
22 |
მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის. |
22 |
მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოარჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა იუდა, რომელსა ეწოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის; |
23 |
თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ! |
23 |
და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანი, გიკითხავთ. გიხაროდენ! |
24 |
რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის, |
24 |
ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად სჯულსა, რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო. |
25 |
ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, |
25 |
აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებაჲ თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს თანა, საყუარელთა ჩუენთა, |
26 |
რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. |
26 |
კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. |
27 |
ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. |
27 |
წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე. |
28 |
ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია:
|
28 |
რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან: |
29 |
ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ! |
29 |
განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, და რაოდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით! |
30 |
წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, მეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს. |
30 |
იგინი ვითარცა წარმოემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად. და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა.
|
31 |
როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. |
31 |
და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა. |
32 |
ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები. |
32 |
იუდა და შილა, რამეთუ იგინი წინაწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს. |
33 |
ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან. |
33 |
და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშჳდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ. |
34 |
სილამ კი იქვე დარჩენა ინება. |
34 |
ჯერ-იჩინა შილა დადგრომაჲ მუნვე. |
35 |
ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას. |
35 |
ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა. |
36 |
რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან. |
36 |
შემდგომად დღეთა რაოდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარ-ძი არიან. |
37 |
ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი. |
37 |
ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოს. |
38 |
პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ. |
38 |
ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პანფილიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა თანა-წარყვანებად იგი. |
39 |
ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს. |
39 |
იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათა ურთიერთას; ბარნაბა თანა წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ. |
40 |
პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. |
40 |
ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა, და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან, |
41 |
დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს. |
41 |
და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა. |