1 |
და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას.
|
1 |
და რაჟამს აღაღო მეშჳდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა.
|
2 |
და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი. |
2 |
და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი. |
3 |
მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი. |
3 |
და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა. |
4 |
და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე. |
4 |
და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა. |
5 |
აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა. |
5 |
და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ. |
6 |
და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად. |
6 |
და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი საყჳრნი, განჰმზადნეს თავნი თჳსნი ცემად. |
7 |
პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა. |
7 |
და პირველმან მან დასცა, და იქმნა სეტყუაჲ და ცეცხლი, შეერთებული სისხლითა, და მოვიდა ქუეყანად, და მესამედი ქუეყანისაჲ დაიწუა და მესამედი ხეთაჲ დაიწუა და ყოველივე თივაჲ ნედლი დაჲწუა. |
8 |
მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. |
8 |
და მეორემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა და, ვითარცა მთაჲ დიდი, მოტყინარე ცეცხლითა, შთავარდა ზღუად, და მესამედი ზღჳსაჲ იქმნა სისხლ, 9. |
9 |
და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა. |
9 |
და მოსწყდა მესამედი დაბადებულთა ზღჳსათაჲ, რომელთა თანა არს სული, და მესამედი ნავთაჲ განიხრწნა. |
10 |
მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. |
10 |
და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი, მოტყინარე ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა. |
11 |
ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ. |
11 |
და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს. |
12 |
მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის. |
12 |
და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი, და მესამედი მათი არღარა გამოჩნდეს. და დღე და ღამე ეგრეთვე. |
13 |
მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს. |
13 |
და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინვალისაჲ ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ჴმითა დიდითა: ვაჲ არს, ვაჲ არს, ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ჴმათაგან საყჳრთაჲსა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ჴმობად! |