1 |
და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
|
1 |
და ვიხილე მარჯუენით საყდარსა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა.
|
2 |
და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, ხმამაღლა რომ ღაღადებდა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას? |
2 |
და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მე ღირს არს განღებად წიგნისა ამის და განჴსნად ბეჭედთა მისთა? |
3 |
ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შესძლო გაეშალა ეს წიგნი და შიგ ჩაეხედა. |
3 |
და ვერვინ შემძლებელ იყო ზეცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა შინა განღებად წიგნისა მის, და არცა მიხედვად მისა. |
4 |
და მე დიდხანს ვტიროდი, რადგანაც არავინ აღმოჩნდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი. |
4 |
და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა. |
5 |
მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას. |
5 |
და ერთმან მღდელთა მათგანმან მრქუა მე: ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი. |
6 |
გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი. |
6 |
და ვიხილე შორის საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა კრავი მდგომარე, ვითარცა დაკლული. და აქუნდეს შჳდნი რქანი და შჳდნი თუალნი, რომელ არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი, რომელნი მოივლინებიან ყოველსავე ქუეყანასა. |
7 |
მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი. |
7 |
და მოვიდა და მიიღო წიგნი მარჯუენისაგან საყდარსა ზედა მჯდომარისა. |
8 |
და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა. |
8 |
და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოც და ოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი. |
9 |
გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან, |
9 |
და გალობდეს გალობასა ახალსა და იტყოდეს: ღირს ხარ შენ მიღებად წიგნისა მის და აღებად ბეჭედთა მისთა, რამეთუ დაიკალ და გჳყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენითა ყოვლისაგანვე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა, |
10 |
რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე. |
10 |
და ჰყვენ იგინი ღმრთისა ჩუენისა მეფედ და მღდელად, და სუფევდენ იგინი ქუეყანასა ზედა. |
11 |
ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი; |
11 |
და ვიხილე და მესმა, ვითარცა ჴმაჲ ანგელოზთა მრავალთაჲ გარემო საყდრისა და ცხოველთა და მღდელთაჲსა. და იყო რიცხჳ მათი ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი, |
12 |
რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა. |
12 |
რომელნი იტყოდეს ჴმითა დიდითა: ღირს არს კრავი იგი დაკლული მიღებად ძალისა და სიმდიდრისა და სიბრძნისა, და პატივისა და დიდებისა და კურთხევისა. |
13 |
და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. |
13 |
და ყოველთავე დაბადებულთაჲ, რომელნი არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და უფსკრულთა შინა და ზღუათა, ყოველთაჲ მესმა, რომელნი იტყოდეს: რომელი ზის საყდართა ზედა და კრავისა, კურთხევაჲ და პატივი და დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
14 |
ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე. |
14 |
და ოთხთა მათ ცხოველთა თქუეს: ამინ! და მღდელნი იგი დავარდეს და თაყუანის-სცეს. |