photo

ფსალმუნი

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

More
photo

ფსალმუნი

ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

More
photo

50 ფსალმუნი

შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

More

20:18
ლუკას სახარება - (1,2,3,4,5,6,7,8 თავი)

თავი პირველი

1. რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა,

2. როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი,

3. მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე,

4. რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია.

5. იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.

6. ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყვებლა მცნებასა და განაწესს.

7. მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ.

8. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე,

9. მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში.

10. ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას.

11. მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე.

12. მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა.

13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.

14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით.

15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე.

16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ.

17. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი.

18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული.

19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს.

20. აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს.

21. ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში.

22. და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ.

23. ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა.

24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა:

25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.

26. ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი,

27. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი - იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი.

28. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის.

29. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო?

30. ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე.

31. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს.

32. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს.

33. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა.

34. ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი?

35. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი.

36. აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი,

37. რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.

38. ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი.

39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს.

40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი.

41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი.

42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!

43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა?

44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში.

45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ.

46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,

47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.

48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა;

49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.

50. წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ.

51. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.

52. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.

53. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.

54. შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა.

55. როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.

56. სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.

57. ხოლო ელისაბედისთვის მოაწია შობის ჟამმა და შობა ძე.

58. გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად.

59. მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის, ზაქარია.

60. მაგრამ დედამისმა თქვა: არა, არამედ იოანე ერქმევა მას.

61. უთხრეს: არავინა გვყავს გვარში ისეთი, რომ ეგ სახელი ერქვას.

62. და ნიშნებით ეკითხებოდნენ მამამისს, რა სურდა დაერქმია მისთვის.

63. ხოლო მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა: იოანეა მისი სახელი. და უკვირდა ყველას.

64. მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო და აკურთხებდა ღმერთს.

65. შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელს მთიანეთს მოედო ეს ამბავი.

66. ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან.

67. ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:

68. კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი.

69. აღგვიმართა რქა ხსნისა თავისი მონის, დავითის სახლში.

70. როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ:

71. რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;

72. რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;

73. თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ,

74. მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, - მის მიმართ უშიშრად

75. და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე.

76. ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.

77. და მათი ცოდვების მიტევებით მისცე მის ხალხს ხსნის შემეცნება.

78. ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით.

79. რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.

80. ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, როცა გამოეცხადა ისრაელს.



თავი მეორე

1. ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში. 

2. ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას.

3. და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად.

4. წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო,

5. რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო.

6. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა.

7. და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის.

8. იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით.

9. და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით.

10. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი.

11. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.

12. და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში.

13. ანაზდად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:

14. დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის.

15. და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა.

16. სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა.

17. და ხილვისთანავე გაანდეს სიტყვა, ყრმისთვის რომ ეუწყა მათ.

18. და ყველა მსმენელს უკვირდა მწყემსების ნაამბობი.

19. ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათ სიტყვას და გულში იმარხავდა.

20. გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც იხილეს და ისმინეს, როგორც ეუწყა მათ.

21. და როცა გასრულდა რვა დღე ყრმის წინადასაცვეთად, უწოდეს მას სახელად იესო, ჩასახვამდე დარქმეული ანგელოზის მიერ.

22. ხოლო, როცა გასრულდა მათი განწმენდის დღენი, თანახმად მოსეს რჯულისა, იერუსალიმში წაიყვანეს იგი, რათა წარედგინათ უფლის წინაშე,

23. (როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;)

24. და რათა მიერთმიათ შესაწირავი, როგორც ნათქვამია უფლის რჯულში: ორი გვრიტი, ანდა ორი ხუნდი მტრედისა.

25. და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სულა წმიდა იყო მასზე.

26. ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას.

27. სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც დაწესებული იყო რჯულით,

28. ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა:

29. აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით.

30. რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი,

31. რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე,

32. ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად.

33. ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით.

34. აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად.

35. და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი.

36. იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში;

37. ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.

38. სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში.

39. და როცა უფლის სჯულისამებრ აღასრულეს ყველაფერი, გალილეას დაბრუნდნენ, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.

40. ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე.

41. ხოლო მისი მშობლები ყოველ წელიწადს პასექის დღესასწაულზე მიდიოდნენ იერუსალიმში.

42. და როცა თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში დღესასწაულზე ავიდნენ ისინი.

43. ხოლო დღესასწაულის შემდეგ, უკან რომ გამობრუნდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა; და ვერ შენიშნეს იოსებმა და დედამისმა;

44. არამედ ეგონათ სხვებთან ერთად მოდისო, მაგრამ ერთი დღის სავალი გზა რომ გალიეს, ძებნა დაუწყეს ნათესავებსა და ნაცნობებს შორის;

45. და რაკი ვერსად იპოვეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ მის საძებნელად.

46. სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს იგი; მოძღვრებს შორის ჩამჯდარიყო, უსმენდა და კითხვებს აძლევდა მათ.

47. ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.

48. როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ.

49. და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს?

50. მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი სიტყვები.

51. წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას.

52. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.



თავი მესამე


1. ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე - გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, - ატურეისა და ტრაქონიის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანია - აბილენეს მეოთხედმთავარი;

2. ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში.

3. დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.

4. როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი.

5. ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება.

6. და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას.

7. და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას?

8. მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს.

9. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.

10. ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო?

11. მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს.

12. მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ?

13. მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს.

14. მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას.

15. ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,

16. მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით.

17. მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს.

18. ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.

19. ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,

20. ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე.

21. როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა.

22. გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

23. ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,

24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა,

25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი,

26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი,

27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,

28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა,

29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა,

30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა,

31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა,

32. იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა,

33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი,

34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,

35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი,

36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,

37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა,

38. ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა.



თავი მეოთხე


1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.

2. ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა.

3. და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.

4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.

5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში.

6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ.

7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება.

8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.

9. მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან,

10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,

11. და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.

12. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.

13. ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას.

14. დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.

15. და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.

16. მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.

17. მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა:

18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,

19. ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად.

20. დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას.

21. და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.

22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?

23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.

24. მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში.

25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში.

26. მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში.

27. მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა.

28. ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში.

29. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.

30. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.

31. ჩავიდა კაპერნაუმს, გალილეის ქალაქში, და შაბათობით ასწავლიდა მათ.

32. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას.

33. და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა:

34. ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო.

35. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილირ გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის.

36. შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?

37. და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.

38. გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი საშინელ ცხელებას შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.

39. თავს დაადგა, შერისხა ცხელება, და მანაც დაუტევა იგი; მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.

40. ხოლო მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც სხვადასხვა სენით სნეული ჰყავდა, მიჰგვარა ისინი მას; მანაც სათითაოდ დაადო ხელი და განკურნა ისინი.

41. მრავალთაგან გამოვიდნენ ეშმაკნი, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა; და უკრძალავდა მათ ლაპარაკს, რადგან იცოდნენ, რომ ის არის ქრისტე.

42. როცა გათენდა, წამოვიდა იქიდან და უდაბურ ადგილას მივიდა; ხალხი კი ეძებდა, მივიდნენ და აკავებდნენ, რომ არ დაეტოვებინა ისინი.

43. მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული.

44. და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.


თავი მეხუთე

1. ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა, 

2. დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ.

3. შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.

4. ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, სიმონს უთხრა: ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერადო.

5. მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს.

6. ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ.

7. ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ.

8. ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.

9. რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ;

10. ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები.

11. როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.

12. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

13. გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას კეთრი.

14. უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად.

15. მაგრამ მისი ამბავი სულ უფრო ფართოდ ედებოდა მთელს ქვეყანას და დიდძალი ხალხი აწყდებოდა, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან.

16. ხოლო ის განმარტოვდებოდა უდაბნოში და ლოცულობდა.

17. ერთ დღეს, როცა ასწავლიდა ხალხს, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათ განსაკურნავად.

18. და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიავნენ და მის წინაშე დაეწვინათ.

19. მაგრამ რაკი ხალხმრავლობის გამო ვერსაით გაიკაფეს გზა, სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან ჩაუშვეს დავრდომილი იესოს წინაშე.

20. მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა შენი ცოდვები.

21. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?

22. მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში?

23. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ და წადი?

24. მაგრამ რათა თქვენ იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დამბლადაცემულს: შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.

25. ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს.

26. განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.

27. ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო.

28. მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას.

29. გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან.

30. ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?

31. მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.

32. მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.

33. ხოლო მათ უთხრეს მას: რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცულობენ, ასევე ფარისეველნიც; შენი მოწაფეები კი ჭამენ და სვამენ?

34. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეგიძლიათ ამარხულოთ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე?

35. მაგრამ დადგება დღე, როდესაც სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ, იმ დღეებში, იმარხულებენ.

36. და უთხრა მათ იგავიც: არავინ ადებს ახალი სამოსიდან ახეულ საკერებელს ძველ სამოსს; თორემ ახალიც დაიხევა და ვერც ძველი მოიხდენს ახალს.

37. არც არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება.

38. არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება.

39. ძველი ღვინის არც ერთი მსმელი არ ისურვებს ახალს: რადგანაც იტყვის: ძველი სჯობსო.



თავი მეექვსე

1. წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში. 

2. შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?

3. განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში.

4. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში.

5. და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა.

6. უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ.

7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.

8. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით:

9. არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს.

10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან.

11. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.

12. და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად.

13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.

14. ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში.

15. სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.

16. ხოლო ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა.

17. ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შეკრა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, ცოლად რომ შეერთო მას.

18. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი.

19. ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო.

20. რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.

21. მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს;

22. გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და მოგცემო.

23. და შეჰფიცა: რაც უნდა მთხოვო, მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო.

24. ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი.

25. მსწრაფლ შემობრუნდა მეფესთან და უთხრა: მინდა ახლავე მომართვა ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.

26. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ვერ იკადრა გაეწბილებინა იგი.

27. მაშინვე გაგზავნა თავისი მცველი და უბრძანა მოეტანა იოანეს თავი.

28. ისიც წავიდა, თავი მოჰკვეთა მას საპყრობილეში და ლანგრით მიართვა ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს.

29. ეს რომ გაიგეს, იოანეს მოწაფეები წავიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში.

30. შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ.

31. ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ ადგილას და ცოტა დაისვენეთ; - რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ.

32. და მარტონი გაემგზავრნენ უდაბურ ადგილას ნავით.

33. მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ.

34. გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება.

35. და რაკი დიდმა დრომ განვლო, მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე;

36. გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი.

37. ხოლო მან პასუხად თქვა: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ საჭმელად?

38. მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი".

39. მაშინ უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ ხალხი.

40. და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი.

41. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ მათთვის; და ორი თევზიც უწილადა ყველას.

42. ყველამ ჭამა და გაძღა.

43. და გაავსეს პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი კალათი.

44. ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი.

45. მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.

46. ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად.

47. მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იდგა ხმელეთზე.

48. და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი.

49. ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს;

50. რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.

51. ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი.

52. რადგან ვერ მიმხვდარიყვნენ პურობის სასწაულს, ვინაიდან გამქისებულიყო მათი გული.

53. გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.

54. ნავიდან გადმოსვლისთანავე იცნეს იგი იქაურებმა.

55. შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი.

56. სადაც უნდა შესულიყო - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა.



თავი მეშვიდე

1. შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი. 

2. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი.

3. (რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ.

4. არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა).

5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს?

6. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.

7. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს.

8. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ.

9. და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა?

10. ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.

11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -

12. ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის.

13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.

14. მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ:

15. არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.

16. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:

17. ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი.

18. და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?

19. ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.

20. და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.

21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,

22. სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.

23. ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს.

24. წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა.

25. რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას.

26. ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან.

27. მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.

28. ქალმა პასუხად მიუგო: დიახ, უფალო; მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასუფრალს?

29. და უთხრა მას: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან.

30. მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან.

31. მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის.

32. მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.

33. ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო;

34. ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ!

35. მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა.

36. და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ;

37. დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.


თავი მერვე

1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და აყვნენ მასთან თორმეტნი. 

2. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი,

3. იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას.

4. ხოლო როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა და ქალაქების მცხოვრებნიც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ იგავით:

5. გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი.

6. ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა, ვინაიდან სინესტე აკლდა.

7. ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.

8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!

9. მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი?

10. ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა.

11. აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;

12. გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ;

13. კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;

14. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან.

15. პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით.

16. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს,

17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს.

18. მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა.

19. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა.

20. და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.

21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.

22. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს.

23. ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ.

24. მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა.

25. და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას?

26. და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა.

27. ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში.

28. იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.

29. რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა.

30. ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.

31. ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.

32. იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ.

33. გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო.

34. ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი.

35. გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ.

36. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული.

37. გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა.

38. ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა:

39. დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ.

40. მოხდა ისე, რომ იესოს დაბრუნებისთანავე მიიღო იგი ხალხმა, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას.

41. და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო.

42. რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს.

43. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა,

44. უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა.

45. და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?

46. მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან.

47. რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა.

48. ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით.

49. ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს.

50. მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება.

51. ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა.

52. ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.

53. ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა.

54. ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ;

55. მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.

 56. მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.

ნანახია: 2014 | დაამატა: kiborg | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar