1 |
ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი.
|
|
|
2 |
ვიხილე, აჰა, გადაშალა ფრთები მთელ დედამიწაზე, ცის ყველა ქარი
ამოვარდა და შეიკრიბა ღრუბლები. |
|
|
3 |
ვიხილე: ფრთებიდან გამოიზარდა კიდევ სხვა ფრთები, თითოეული მათგანი
კი პატარ-პატარა ნაკრტენებისგან შედგებოდა. |
|
|
4 |
მისი თავები უძრავად იყო და შუა თავი დანარჩენ თავებზე დიდი იყო,
მაგრამ ისიც უძრავად იყო სხვებთან ერთად. |
|
|
5 |
ვიხილე: აჰა, არწივი დაფრინავდა თავისი ფრთებით და მეფობდა
დედამიწაზე და მის მკვიდრებზე. |
|
|
6 |
ვიხილე, რომ ყოველივე მას მორჩილებდა ცისქვეშეთში და არავინ
ეურჩებოდა, არცერთი ქმნილება, რაც კი დედამიწაზე არსებობდა. |
|
|
7 |
ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის
ფრთებს, უთხრა: |
|
|
8 |
ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავთავის ადგილზე გეძინოთ და
დროგამოშვებით იფხიზლეთ. |
|
|
9 |
ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისთვის იყოს შემონახული. |
|
|
10 |
ვიხილე: აჰა, ხმა არწივის თავებიდან კი არა, მისი ტანის შუიდან
გამოდის. |
|
|
11 |
დავითვალე ახლად გამოზრდილი ფრთები და, აჰა, რვა იყო. |
|
|
12 |
ვიხილე: აჰა, მარჯვენა მხრიდან აღიმართა ერთი ფრთა და გამეფდა მთელ
დედამიწაზე. |
|
|
13 |
და როცა მეფობდა, დაუდგა მას აღსასრული და აღარ ჩანდა მისი ადგილი;
აღიმართა მომდევნო და მეფობდა, და დაჰყო მან მრავალი ხანი. |
|
|
14 |
და როცა მეფობდა, დაუდგა მას აღსასრული, რათა პირველის მსგავსად,
ისიც გაუჩინარებულიყო. |
|
|
15 |
და აჰა, ხმა გაისმა მის მიმართ, უთხრა: |
|
|
16 |
ისმინე შენ, ვისაც ამდენი ხანი გეპყრა დედამიწა; ეს გეუწყება, ვიდრე
გაუჩინარებას დაიწყებდე: |
|
|
17 |
შენს მერე არავინ დაიპყრობს შენს ხანს, არც მის ნახევარს. |
|
|
18 |
აღიმართა მესამე და დაიპყრო მთავრობა წინამორბედთა მსგავსად, მაგრამ
გაუჩინარდა ისიც. |
|
|
19 |
ასე ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდნენ მთავრობას და კვლავ
უჩინარდებოდნენ. |
|
|
20 |
ვიხილე: აჰა, რიგრიგობით აღემართებოდნენ ფრთები მარჯვენა მხრიდან,
რომ მათაც დაეპყროთ მთავრობა; იყვნენ მათ შორის, ვინც იპყრობდნენ, მაგრამ უეცრად
უჩინარდებოდნენ. |
|
|
21 |
ზოგი მათგანი აღიმართებოდა, მაგრამ ვერ იპყრობდა მთავრობას. |
|
|
22 |
ვიხილე: აჰა, გაუჩინარდა თორმეტი ფრთა და კიდევ ორი მომცრო ფრთა.
|
|
|
23 |
აღარაფერი შერჩა არწივის ტანს, ორი უძრავი თავისა და ექვსი მომცრო
ფრთის გარდა. |
|
|
24 |
ვიხილე: აჰა, ექვსი მომცრო ფრთა ორად გაიყო და დარჩა თავს ქვემოთ,
მარჯვენა მხარეს; ხოლო ოთხი თავის ადგილზე დარჩა. |
|
|
25 |
ვიხილე; აჰა, ნაკრტენებმაც განიზრახეს, აღმართულიყვნენ და დაეპყროთ
მთავრობა. |
|
|
26 |
ვიხილე: აჰა, აღიმართა ერთი, მაგრამ უცებ გაუჩინარდა. |
|
|
27 |
მომდევნონიც აღიმართნენ, მაგრამ წინამორბედებზე უსწრაფესად
გაუჩინარდნენ. |
|
|
28 |
ვიხილე: აჰა, ორნი, რომლებიც აღზევდნენ, ერთმანეთს შორის
იზრახავდნენ, რომ ერთად ემეფათ. |
|
|
29 |
ამას რომ განიზრახავდნენ, აჰა, გამოფხიზლდა ერთ-ერთი უძრავ
თავთაგანი, შუათანა; დანარჩენ ორზე დიდი იყო ეს თავი. |
|
|
30 |
ვიხილე, რომ შეიერთა მან ის ორი თავი. |
|
|
31 |
აკა, მოუბრუნდა ეს თავი მასთან მყოფ ორი თავითურთ და შთანთქა ორი ნაკრტენი,
გამეფებას რომ აპირებდნენ. |
|
|
32 |
ამ თავმა დიდად დააშინა მთელი დედამიწა; ძალით დაიმორჩილა დედამიწის
მკვიდრნი და უფრო ძლიერად ეპყრა სამყაროს ძალაუფლება, ვიდრე ყველა ადრინდელ ფრთას.
|
|
|
33 |
ვიხილე ამის შემდეგ და, აჰა, შუა თავი, ფრთების მსგავსად, უეცრად
გაუჩინარდა. |
|
|
34 |
დარჩა ორი თავი, რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე და მის
მკვიდრებზე. |
|
|
35 |
ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა მარცხენა თავი. |
|
|
36 |
გავიგონე ხმა, რომელიც მეუბნებოდა: გაიხედე შენ წინ და გაიაზრე,
რასაც ხედავ. |
|
|
37 |
ვიხილე: რაღაც ლომის მსგავსი ბრდღვინვით გამოქანდა ტყიდან; ვიხილე,
რომ ადამიანის ხმით მიმართა არწივს, უთხრა: |
|
|
38 |
ისმინე, რასაც გეტყვი, რასაც გეუბნება უზენაესი: |
|
|
39 |
შენ არა ხარ ერთ-ერთი იმ ოთხ ცხოველთაგან, რომლებიც შევქმენი, რომ
ემეფათ ჩემს წუთისოფელში და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოსულიყო ჟამის აღსასრული?
|
|
|
40 |
მეოთხემ, რომელიც მოვიდა, გაიმარჯვა ყველა იმ ცხოველზე, რომლებმაც
უკვე ჩაიარეს, და დიდ შიშში ჰყავდა წუთისოფელი. მძლავრობდა მთელ ქვეყნიერებაზე;
სიცრუით მკვიდრობდა ამდენი ხანი დედამიწის ზურგზე. |
|
|
41 |
შენ მსჯავრი დასდე დედამიწას, მაგრამ არა ჭეშმარიტებით. |
|
|
42 |
შეავიწროვე უწყინარნი და შეურაცხყავი მშვიდნი, შეიყვარე მზაკვარნი,
გაანადგურე იმათი სამკვიდრებელი, რომელთაც ნაყოფი მოჰქონდათ, დააქციე იმათი
კედლები, რომელთაც შენთვის არაფერი დაუშავებიათ. |
|
|
43 |
უზენაესამდე აღზევდა შენი კადნიერება და ყოვლადძლიერამდე - შენი
ამპარტავნება. |
|
|
44 |
გადმოხედა უზენაესმა ამპარტავან დროებას, და აჰა, დასრულდა იგი და
მისი ბოროტებანიც დასრულებულია. |
|
|
45 |
ამიტომ გაუჩინარდები, შენ, არწივო, შემზარავ ფრთებთან ერთად, შენს
უკეთურ ნაკრტენებთან ერთად, შენს ბოროტეულ თავთან ერთად, შენს უკეთურ ბრჭყალებთან
ერთად, მთელ შენს ფუტურო ტანთან ერთად, |
|
|
46 |
რათა გაცინცხალდეს მთელი დედამიწა და შენი მძლავრობისგან
გათავისუფლებული სასოებდეს თავისი შემოქმედის სამართალსა და მოწყალებას. |
|
|