1 |
როცა ლომი არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე: |
|
|
2 |
აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი,
რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე
იყო მათი მეფობა. |
|
|
3 |
ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ და მთლიანად დაიწვა არწივის
ტანი და ძლიერ შეძრწუნდა დედამიწა. ხოლო მე შეშფოთებისა და ძლიერი შიშისაგან
გამოვფხიზლდი და მივმართე ჩემს სულს: |
|
|
4 |
აჰა, შენ დამმართე ეს ამბავი, უზენაესის გზებს რომ იკვლევ-მეთქი.
|
|
|
5 |
აჰა, ჯერ კიდევ დაღლილი ვარ სულით და დაუძლურებული, ძალის ნატამალიც
აღარ შემომრჩა იმ დიდი შიშის გამო, ამ ღამით რომ განვიცადე. |
|
|
6 |
მაშ ახლა შევევედრები უზენაესს, რათა ბოლომდე გამამხნევოს. |
|
|
7 |
ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, თუკი
მართლად გამოვჩნდი შენს წინაშე მრავალთა შორის, თუკი ჩემმა ვედრებამ ნამდვილად
მოაღწია შენამდე, |
|
|
8 |
გამამხნევე და გამიმჟღავნე მე, შენს მორჩილს, განმარტება და ახსნა
ამ საშინელი ხილვისა, რათა საბოლოოდ დამიმშვიდო სული. |
|
|
9 |
ღირს-მყავი, რათა გამიმჟღავნო დრო-ჟამის უკანასკნელი ამბები. მან
მითხრა: |
|
|
10 |
ეს არის ამ ხილვის განმარტება: |
|
|
11 |
არწივი, ზღვიდან ამომავალი რომ იხილე, ის სამეფოა, რომელიც
დანიელის, შენი ძმის, ხილვაში იყო ნახილვები. |
|
|
12 |
მაგრამ მას არ განემარტა, როგორც შენ განგიმარტავ ახლა. |
|
|
13 |
აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო, რომელიც ყველა
ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება. |
|
|
14 |
გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით. |
|
|
15 |
მეორე მეფე დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს
ეპყრება ძალაუფლება. |
|
|
16 |
ეს არის განმარტება თორმეტი ფრთისა, რომლებიც იხილე. |
|
|
17 |
მოლაპარაკე ხმა რომ მოისმინე, არა თავიდან, არამედ ტანის შუადან გამომავალი,
|
|
|
18 |
ასეთია ამის განმარტება: მისი მეფობის შემდეგ დიდი ბრძოლები
წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო დამხობად, მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ
კვლავ თავის დასაბამს დაუბრუნდება. |
|
|
19 |
მისი ფრთებიდან გამოზრდილი ნაკრტენები რომ იხილე, |
|
|
20 |
ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი
ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება. |
|
|
21 |
შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა
დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან.
|
|
|
22 |
სამი უძრავი თავი რომ იხილე, |
|
|
23 |
ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესი სამ
მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე. |
|
|
24 |
და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის
გამო ეწოდათ მათ არწივის თავები. |
|
|
25 |
ესენი არიან, ვინც დაიუნჯებენ მის ბოროტეხებს და მის უკანასკნელთაც
განახორციელებენ. |
|
|
26 |
უფრო დიდი თავი რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება:
ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით. |
|
|
27 |
იმ დანარჩენ ორს კი მახვილი შეჭამს. |
|
|
28 |
ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა
უკანასკნელ ხანებში. |
|
|
29 |
ორი ნაკრტენი რომ იხილე არწივის მარჯვენა თავზე გადამავალი, |
|
|
30 |
ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა
უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო. |
|
|
31 |
ლომი რომ იხილე ტყიდან ბდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ
ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისთვის, რაც მოისმინე.
|
|
|
32 |
ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის
დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის
გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ
საქმეებს. |
|
|
33 |
ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ.
|
|
|
34 |
მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში
გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც
თავდაპირველად გელაპარაკებოდი. |
|
|
35 |
ასეთია სიზმარი, რომელიც იხილე და მისი განმარტებანი. |
|
|
36 |
შენ ერთადერთი იყავი ღირსი, რომ გცოდნოდა უზენაესის ეს საიდუმლო.
|
|
|
37 |
წიგნში ჩაწერე ეს ყველაფერი, რაც იხილე, და საიმედო ადგილას შეინახე
იგი. |
|
|
38 |
შეასწავლე იგი შენი ხალხის ბრძენებს, ვისაც, შენი გაგებით, მისი
შესწავლის და საიდუმლოდ შენახვის უნარი შესწევს. |
|
|
39 |
შენ კი დაჰყავი აქ კიდევ შვიდი დღე, რათა გამოგეცხადოს ხილვა, რაც
უზენაესს აქვს შენთვის გამოსაცხადებელი. |
|
|
40 |
და წავიდა იგი ჩემგან. როცა გაიგო მთელმა ხალხმა, რომ გავიდა შვიდი
დღე, რაც ქალაქში არ დავბრუნებულვარ, ყველანი დიდიან-პატარიანად შეიყარნენ,
მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: |
|
|
41 |
ისეთი რა შეგცოდეთ, ან ისეთი რა დაგიშავეთ, რომ მიგვატოვე და ამ
ადგილას დამჯდარხარ? |
|
|
42 |
შენ ხომ ერთადერთი შეგვრჩი წინასწარმეტყველთაგან, როგორც ვაზს
მტევანი რთველის შემდეგ, როგორც სანთელი ბნელში, როგორც ნავსადგური ქარიშხალს
გადარჩენილი ხომალდისთვის. |
|
|
43 |
განა არ კმარა უბედურებები, თავს რაც დაგვატყდა? |
|
|
44 |
თუ შენც გვწირავდი, ბარემ გადაბუგულ სიონთან ერთად
გადავბუგულიყავით. |
|
|
45 |
განა რითი ვართ იქ დახოცილებზე უკეთესნი? ასე მოთქვამდნენ ხმამაღალი
გოდებით. ვუპასუხე და ვუთხარი მათ: |
|
|
46 |
გამხნევდი, ისრაელო, ნუ სწუხხარ, იაკობის სახლო! |
|
|
47 |
არ წარხოცილა შენი ხსოვნა უზენაესის წინაშე და არ დავიწყნიხართ
თქვენ ყოვლადძლიერს თქვენს განსაცდელში. |
|
|
48 |
არც მე გამიწირიხართ, არ წავსულვარ თქვენგან; არამედ მოვედი ამ
ადგილას, რათა ვილოცო მოოხრებული სიონისათვის და შეწყალება გამოვითხოვო ჩვენი
შეურაცხყოფილი საწმიდარისთვის. |
|
|
49 |
ახლა კი ყველანი წადით თქვენ-თქვენ სახლებში. ხოლო მე მოვალ
თქვენთან ამ დღეების შემდეგ. |
|
|
50 |
დაბრუნდა ხალხი ქალაქში, როგორც დავარიგე. |
|
|
51 |
მე კი ვივგექი ველზე შვიდი დღე, როგორც ანგელოზმა მიბრძანა, და
მხოლოდ მინდვრის მცენარეებით ვიკვებებოდი. ბალახი იყო ჩემი საზრდო იმ დღეებში.
|
|
|