1 |
ვაი შენ, ბაბილონო და აზიავ, ვაი შენ, ეგვიპტევ და სირიავ! |
|
|
2 |
შეიმოსეთ ჯვალო და ფლასი, იტირეთ თქვენი შვილები და იმწუხარეთ,
რადგან მოახლოვდა თქვენი აღსასრული. |
|
|
3 |
მოვლენილია თქვენზე მახვილი და ვინ იქნება, რომ აგაცდინოთ იგი?
|
|
|
4 |
მოვლენილა თქვენზე ცეცხლი და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი? |
|
|
5 |
მოვლენილია თქვენზე უბედურებანი და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს
ისინი? |
|
|
6 |
ნუთუ ტყიდან გამოსული მშიერი ლომი უკუაქცევს? ნუთუ ჩააქრობს ბზეში
ახლადაბრიალებულ ცეცხლს? |
|
|
7 |
ნუთუ უკუაქცევს ვინმე ისარს, გატყორცნილს ძლიერი მშვილდოსნის მიერ?
|
|
|
8 |
ყოველშემძლე უფალი გზავნის უბედურებებს და ვინ იქნება, რომ
უკუაქციოს ისინი? |
|
|
9 |
გამოვა ცეცხლი მისი რისხვისაგან და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?
|
|
|
10 |
იელვებს და ვის არ შეეშინდება, დასჭექს და ვინ არ შეკრთება? |
|
|
11 |
უფალი დაიმუქრება და ვინ არ შეირყევა ერთიანად მის წინაშე? |
|
|
12 |
იძვრის მიწა და მისი საფუძველნი, ზღვა ღელავს ღურღუმელიდან,
ბობოქრობენ მისი ტალღები და მისი თევზები უფლის პირისა და მისი ძალის დიდების
წინაშე. |
|
|
13 |
რადგან ძლიერია მისი მარჯვენა, მშვილდის მომზიდველი; წვერმახია მის
მიერ გასროლილი ისრები და მიზანს არ სცდება, როცა ისვრის მათ ქვეყნის კიდეებისკენ.
|
|
|
14 |
აჰა, მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან, ვიდრე არ
მოაღწევენ დედამიწას. |
|
|
15 |
დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის
საფუძვლებს. |
|
|
16 |
როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი, ასევე
არ უკუიქცევა დედამიწაზე მოვლენილი უბედურებები. |
|
|
17 |
ვაი მე, ვაი მე, ვინ მიხსნის იმ დღეებში? |
|
|
18 |
ტანჯვათა დასაბამი და მრავალი გოდება, შიმშილის დასაბამი და
მრავალთა დაღუპვა! ომების დასაბამი და მძლეთა შეშინება, უბედურებათა დასაბამი და
ყველას თავზარდაცემა! |
|
|
19 |
მე რა ვქნა მაშინ, უბედურებები რომ მოგვადგება? |
|
|
20 |
აჰა, შიმშილი და ჭირი, ტანჯვა და წვალება, მოვლენილია როგორც
შოლტები ადამიანთა მოსარჯულებლად. |
|
|
21 |
და მაინც არ მოიქცევიან უკეთურებათაგან და არც მუდამ ეხსომებათ
შოლტები. |
|
|
22 |
აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი
მშვიდობა დადგაო, მაგრამ სწორედ მაშინ წარმოიშობა დედამიწაზე უბედურება, მახვილი,
შიმშილი და დიდი აღრეულობა. |
|
|
23 |
შიმშილით გაწყდება დედამიწის მკვიდრთა უმრავლესობა და მახვილი
მოსპობს დანარჩენთ, ვინც გადაურჩება შიმშილს. |
|
|
24 |
ნეხვივით დახვავდება გვამები და არვინ იქნება მათი დამტირებელი,
რადგან გაუკაცრიელდება დედამიწა და მისი ქალაქები დაემხობა. |
|
|
25 |
აღარავინ დარჩება, რომ მოხნას მიწა და დათესოს თესლი. |
|
|
26 |
ხე მოისხამს ნაყოფს, მაგრამ ვინ იქნება მისი მკრეფელი? |
|
|
27 |
ყურძენი დამწიფდება, მაგრამ ვინ იქნება მისი დამწურავი? რადგან დიდ
უდაბნოდ გადაიქცევა სანახები. |
|
|
28 |
კაცს მოენატრება კაცის ხილვა ან მისი ხმის გაგონება, |
|
|
29 |
რადგან შემორჩება ქალაქიდან ათიოდე და სოფლებიდან ორიოდე კაცი, ვინც
შეაფარებს თავს უღრანებს და კლდეთა ნაპრალებს. |
|
|
30 |
როგორც ზეთისხილის ბაღში აქა-იქ ხეებს შერჩება სამი თუ ოთხი ნაყოფი,
|
|
|
31 |
ან როგორც გაკრეფილ ვენახში იპოვის თითოოროლა მტევანს ბეჯითი მძებნელი,
|
|
|
32 |
ასე გადაურჩება იმ დღეებში სამი ან ოთხი სახლი იმათ, ვინც მახვილით
ხელში მათ გასაჩხრეკად წამოვა, |
|
|
33 |
და დარჩება უდაბური მიწა, გაყამირდება მისი ყანები და მის გზებზე და
ბილიკებზე ნარ-ეკალი ამოვა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს. |
|
|
34 |
ატირდებიან უქორწინებელი ქალწულნი, ატირდებიან უქმროდ დარჩენილი
ქალები, ატირდებიან უმწეოდ დარჩენილი მათი ასულები. |
|
|
35 |
საქმროები ომში დაეხოცებათ და ქმრები შიმშილით გაუწყდებათ. |
|
|
36 |
მაშ, ისმინეთ ეს და შეიგნეთ, უფლის მორჩილნო. |
|
|
37 |
აჰა, უფლის სიტყვა, მიიღეთ იგი; ნუ გჯერათ ღმერთებისა, რომლებზედაც
გელაპარაკათ უფალი. |
|
|
38 |
აჰა, ახლოვდება უბედურება, არ დაყოვნდება, |
|
|
39 |
როგორც ფეხმძიმეს, მეცხრე თვეში მყოფს, მოუწევს მშობიარობის ჟამი და
ორი ან სამი საათით ადრე ტკივილები დაუვლის მუცელში, ერთი წუთითაც არ დააყოვნებს
ბავშვის გამოსვლა საშოდან, |
|
|
40 |
ასევე არ დაიგვიანებს უბედურებები მოვლინებას დედამიწაზე; კვნესა
აღმოხდება წუთისოფელს და ტკივილები მოიცავს მას. |
|
|
41 |
გაიგონე სიტყვა, ჩემო ხალხო, გაემზადეთ ბრძოლისათვის და ისე იყავით
გასაჭირში, როგორც მოსულნი უცხო ქვეყანაში. |
|
|
42 |
კაცი ყიდდეს და გასაქცევად ემზადებოდვს; ყიდულობდეს და კარგავდეს;
|
|
|
43 |
ვაჭრობდეს და სარგებელს ვერ პოულობდეს; აშენებდეს და ვერ
სახლდებოდეს; |
|
|
44 |
თესავდეს და ვერ იმკიდეს; ვაზს სხლავდეს და ვერ ისთვლიდეს; |
|
|
45 |
ქორწინობდეს და შვილებს არ აჩენდეს; ვინც არ ქორწინობდეს, ქვრივივით
იყოს. |
|
|
46 |
ვინც რისთვის იღვწოდეს, ფუჭად იღვწოდეს. |
|
|
47 |
მათ ნაყოფს უცხოტომი მოიმკის და დაიტაცებენ მათ დოვლათს, დაამხობენ
მათ სახლებს და მათ შვილებს ტყვედ წაასხამენ; რადგან ეყვეობასა და შიმშილში შობენ
თავიანთ ნაშიერთ. |
|
|
48 |
ვინც ძარცვა-გლეჯას ეწევიან, რაც მეტ ხანს შეამკობენ თავიანთ
ქალაქებსა და სახლებს, თავიანთ საბადებელს და საკუთარ თავს, |
|
|
49 |
მით უფრო მოვიძულებ მათ მათი ცოდვებისთვის, ამბობს უფალი. |
|
|
50 |
როგორც ბოზსა სძულს ღირსეული და სათნოებით აღსავსე ქალი, |
|
|
51 |
ასე მოიძულებს მართლმსაჯულება უკეთურებას, როცა თავს იმკობს იგი, და
პირისპირ დასდებს მას ბრალს, როცა მოვა ის, ვინც დაიცავს ყველა ცოდვის
გამომჩხრეკელს დედამიწის ზურგზე. |
|
|
52 |
ამიტომ ნურც მას მიბაძავთ და ნურც მის საქმეებს. |
|
|
53 |
რადგან ცოტაც და, აღიგავება უკეთურება მიწის პირიდან და სამართალი
გამეფდება თქვენში. |
|
|
54 |
ვერ იტყვის მაშინ ცოდვილი, არ შემიცოდავსო, რადგან აგიზგიზებულ
მუგუზლებს დაწვავს უფალი იმის თავზე, ვინც ამბობს: არ შემიცოდავსო უფალი ღმერთისა
და მისი დიდების წინაშე. |
|
|
55 |
აჰა, უფალმა უწყის ადამიანთა ყოველი საქმე, მათი განზრახვები და
მათი ფიქრები და მათი გულები. |
|
|
56 |
მან თქვა: იყოს მიწა და იქმნა მიწა; იყოს ცა და იქმნა ცა. |
|
|
57 |
მისი სიტყვით დაფუძნდა ვარსკვლავები და მან უწყის ვარსკვლავთა
რიცხვი. |
|
|
58 |
მან გამოიძია ქვესკნელი და მისი საგანძურები, მან გაზომა ზღვა და
მისი წიაღი. |
|
|
59 |
მან მოამწყვდია ზღვა წყალთა შუა და წყლებს ზემოთ დაჰკიდა დედამიწა
თავისი სიტყვით. |
|
|
60 |
მან კამარასავით გადაფინა ცა, წყლებზე დააფუძნა იგი. |
|
|
61 |
მან დასხა უდაბნოში წყაროს თვალნი და ტბები მთათა მწვერვალებზე, რათა იდინონ
მდინარეებმა მაღალი კლდეებიდან მიწის მოსარწყავად. |
|
|
62 |
მან გამოსახა კაცი და ჩაუდო გული მკერდში და და მოუვლინა მას სული,
სიცოცხლე და გონება, |
|
|
63 |
და სუნთქვა ყოვლისშემძლე ღმერთისა; მან შექმნა ყველაფერი და
გამოიძია ყოველივე დამალული მიწის სამალავებში. |
|
|
64 |
მან უწყის თქვენი განზრახვები და რასაც გულში ფიქრობთ ცოდვილნი,
მსურველნი ცოდვათა დაფარვისა. |
|
|
65 |
ამის გამო გამოწვლილვით გამოიძიებს უფალი ყველა თქვენს საქმეს და
ყველას სააშკარაოზე გამოგიყვანთ. |
|
|
66 |
და შერცხვებით, როცა გამოჩნდება თქვენი ცოდვები ადამიანთა წინაშე და
ბრალმდებლებად თქვენი უკეთურებანი იმ დღეს. |
|
|
67 |
რას იზამთ? ან როგორ დამალავთ თქვენს ცოდვებს ღვთისა და მისი
ანგელოზების წინაშე? |
|
|
68 |
აჰა, მსაჯულია, ღმერთი, გეშინოდეთ მისი. გაერიდეთ თქვენს ცოდვებს და
დაივიწყეთ თქვენი უკეთურებებანი, განუწყვეტლივ რომ სჩადიხართ, და ღმერთიც
გაგიძღვებათ თქვენ და გიხსნით ყოველი სატანჯველისგან. |
|
|
69 |
აჰა, გიზგიზებს თქვენთვის ურიცხვი ურდოების რისხვა, გაიტაცებენ
ვინმეს თქვენგან და გამოგკვებავენ კერპების ნამსხვერპლით. |
|
|
70 |
თუ დაჰყვნენ მათ, მათი სამასხარაო, მათი გასაკიცხი და გასათელი
შეიქნებიან. |
|
|
71 |
რადგან გახშირდება სხვადასხვა ადგილებში და მეზობელ ქალაქებში
თავდასხმანი უფლისმოშიშთა წინააღმდეგ. |
|
|
72 |
შეშლილებივით იქნებიან და არავის დაინდობენ, ვინც ჯერ კიდევ
უფლისმოშიშნი არიან. |
|
|
73 |
გაანადგურებენ და დაიტაცებენ მათ დოვლათს და სახლებიდან გამოყრიან
მათ. |
|
|
74 |
მაშინ გამოიცდებიან ჩემი რჩეულები, როგორც ოქრო იცდება ცეცხლით.
|
|
|
75 |
ისმინეთ, ჩემო საყვარელნო, ამბობს უფალი, აჰა, მოაწია განსაცდელის
დღეებმა და მე დაგიხსნით მათგან. |
|
|
76 |
ნუ გეშინიათ და ნუ მერყეობთ, რადგან ღმერთია თქვენი წინამძღოლი.
|
|
|
77 |
თუ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და მცნებებს, ამბობს უფალი ღმერთი, არ
გადაგწონით თქვენი ცოდვები, არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი. |
|
|
78 |
ვაი მას, ვინც მოშთობილია თავისი ცოდვებით და დაფარულია თავისი
უკეთურებებით, როგორც ღვარძლით მოშთობილი ყანა და ნარ-ეკლით დაფარული ბილიკი, სადაც
ადამიანი ვერ გაივლის. გაიხვეტება იგი და ცეცხლს მიეცემა შთასანთქმელად. |
|
|