1 |
მიპასუხა და თქვა: უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი
კი - მცირედთა გულისთვის. |
|
|
2 |
ერთ იგავს გეტყვი, ეზრა: თუ შეეკითხები მიწას, გეტყვის, რომ უამრავი
თიხაა მიწაში ჭურჭლის საკეთებლად, მაგრამ მცირედზე მცირეა მტვერი, საიდანაც ოქრო
გამოდის. ასეთია ჩვენი წუთისოფლის საქმეც. |
|
|
3 |
ბევრია შექმნილი, მაგრამ მცირედნი გადარჩებიან. |
|
|
4 |
ვუპასუხე და ვთქვი: შეისრუტე, სულო, აზრი და შთანთქე, რაც
საცოდნელია. |
|
|
5 |
მორჩილი უნდა იყო წინასწარმეტყველების მსურველი. სხვა ასპარეზი არ
არის მოცემული შენთვის, გარდა ერთი ცხოვრებისა. |
|
|
6 |
მიეცი, უფალო, ნება შენს მორჩილთ, რომ ილოცონ შენ წინაშე, ჩაგვიდევი
გულში თესლი და გაგვიღივე რომ გამოიღოს ნაყოფი, რომლის წყალობითაც უნდა იცოცხლოს
ყოველმა მოკვდავმა, ვინც ადამიანის ხატს ატარებს. |
|
|
7 |
შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთი ქმნილება ვართ,
როგორც ნათქვამი გაქვს. |
|
|
8 |
დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება
ცეცხლსა და წყალში შენი შექმნილი და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს
ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა. |
|
|
9 |
თავად ის, რაც ინახავს, და ისიც, რაც ინახება, ორივენი შენახული
იქნება; ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო, ყველაფერს, რაც მასში
აღორძინდა. |
|
|
10 |
შენ ბრძანე, რომ თავად სხეულის ნაკვთთაგან, ანუ ძუძუთაგან,
მოგვეცეს, რძე ძუძუთა ნაყოფი. |
|
|
11 |
რათა იკვებებოდეს ერთხანს, რაც გამოსახულია, შემდეგ კი შენს
გულმოწყალებას მიანდობ მას. |
|
|
12 |
შენ აღზარდე იგი შენი სამართლით, მოძღვრავდი მას შენი რჯულით და
არცხვენდი შენი სიბრძნით. |
|
|
13 |
შენ მოაკვდინებ მას, რადგან შენი ქმნილებაა, და შენ გააცოცხლებ მას,
რადგან შენია. |
|
|
14 |
თუკი დაღუპავ ამდენი შრომით გამოსახულს, ადვილი იქნებოდა შენი
ბრძანებითვე გადარჩენილიყო შენი ქმნილება. |
|
|
15 |
ახლა კი ვიტყვი, უფალო, მთელ კაცთა მოდგმაზე, რომელიც შენ უკეთ
უწყი, შენს ხალხზე, რომლის გამო ვიტანჯები. |
|
|
16 |
შენს წილხვედრილზე, რომელსაც ვგლოვობ, ისრაელზე, რომლის გამო შეჭირვებული ვარ,
იაკობზე, რომლის გამო ვიტანჯები; |
|
|
17 |
ამიტომ ვიწყებ ლოცვას შენს წინაშე ჩემთვის და მათთვის, რადგან
ვხედავ ცოდვებს ჩვენსას, ვინც მიწაზე ვსახლობთ. |
|
|
18 |
მაგრამ გავიგე სიჩქარე მსაჯულისა, რომელიც მოდის. |
|
|
19 |
ამიტომ ისმინე ჩემი ხმა და გაიგე ჩემი სიტყვა, და ვილაპარაკებ შენს
წინაშე. |
|
|
20 |
ეზრას სიტყვათა დასაწყისი, ვიდრე წაიყვანდნენ. ვთქვი: უფალო,
რომელიც მკვიდრობ საუკუნოდ, რომლის თვალები მაღლისკენაა მიმართული, |
|
|
21 |
რომლის ტახტიც ფასდაუდებელია და დიდება მიუწვდომელი, ვისაც
ანგელოზთა ლაშქარი ახლავს ზარდამცემი, |
|
|
22 |
და ქარისა და ცეცხლის სახით ემსახურება, რომლის სიტყვა ჭეშმარიტია
და ნათქვამი გარდაუვალი, |
|
|
23 |
რომლის ბრძანება მტკიცეა და განკარგულება საშინელი, რომლის მზერა
უფსკრულებს აშრობს და რისხვა მთებს ადნობს, და რომლის ჭეშმარიტება დამოწმებულია.
|
|
|
24 |
ისმინე ლოცვა შენი მორჩილისა და ყურადიღე ვედრება შენი ქმნილებისა.
|
|
|
25 |
ვიდრე ცოცხალი ვარ, ვილაპარაკებ, და ვიდრე გაგების უნარი შემრჩენია,
გიპასუხებ. |
|
|
26 |
ნუ შეხედავ შენი ხალხის შეცოდებებს, არამედ იმათ მოხედე, ვინც
ჭეშმარიტებით გემსახურებოდა. |
|
|
27 |
ნუ უყურებ ხალხთა უღვთო საქციელს, არამედ იმათ უყურე, ვინც
ტანჯვა-წამებით იცავდნენ შენს აღთქმებს. |
|
|
28 |
ნუ ფიქრობ მათზე, ვინც უკუღმართად იქცეოდა შენს თვალწინ, არამედ
ისინი გახსოვდეს, ვინც ნებით აღიარეს შენი შიში. |
|
|
29 |
ნუ მოისურვებ იმათ დაღუპვას, ვისაც პირუტყვის ზნე სჭირდათ; არამედ
მოხედე იმათ, ვინც შენი დიდებული რჯული შეისწავლა. |
|
|
30 |
ნუ აღგაშფოთებს ისინი, ვინც მხეცებზე უარესად ჩანან, არამედ ისინი
შეიყვარე, ვისაც მუდამ სწამს შენი სამართალი და შენი დიდება. |
|
|
31 |
რადგან ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც ამგვარი სენით ვართ დაუძლურებულნი; შენ კი
ჩვენ ცოდვილთა გამო გულმოწყალედ იწოდები. |
|
|
32 |
თუ შენ მოისურვე ჩვენი შეწყალება, ვისაც სამართლიანი საქმეები არ
ჩაგვიდენია, მაშინ გულმოწყალედ მოიხსენები. |
|
|
33 |
რადგან მართალნი, რომელთაც მრავალი საქმე აქვთ ჩადენილი, საკუთარ
საქმეთათვის მიიღებენ საზღაურს. |
|
|
34 |
მაგრამ რა არის კაცი, რომ აღშფოთდე მასზე? ან ხრწნადი მოდგმა, რომ
ესოდენ გამწარდე მისგან? |
|
|
35 |
სინამდვილეში არავინაა შობილთაგან ისეთი, ვინც უკეთურად არ
მოქცეულიყოს, მორწმუნეთაგან ისეთი, ვისაც არ შეეცოდოს. |
|
|
36 |
ამით გაცხადდება შენი სამართალი და შენი სიკეთე, უფალო, თუ მოწყალე
იქნები მათ მიმართ, რომელთაც არა აქვთ კეთილ საქმეთა მარაგი. |
|
|
37 |
მიპასუხა და თქვა: სწორად ამბობ ზოგ რამეს და შენი სიტყვები
გამართლდება კიდეც. |
|
|
38 |
რადგან ნამდვილად არ ვიფიქრებ იმათ ნასახზე, რომელთაც შესცოდეს
სიკვდილამდე, სამსჯავრომდე, დაღუპვამდე; |
|
|
39 |
არამედ გავიხარებ მართალთა შექმნით და გავიხსენებ მათ მწირობასაც,
მათ ხსნას და საზღაურს. |
|
|
40 |
როგორც ვთქვი, ისე იქნება. |
|
|
41 |
როგორც მიწისმუშაკი თესავს თესლს მრავლად მიწაზე და აშენებს უამრავ
ნარგავებს, მაგრამ რაც დათესილია, ყველა როდი გადარჩება, და რაც დარგულია, ყველა
როდი მოიკიდებს ფესვს; ასევე ისინი, ვინც ამ წუთისოფელში არიან დათესილნი, ყველანი
როდი გადარჩებიან. |
|
|
42 |
ვუპასუხე და ვთქვი: თუ ვპოვე მადლი, ვილაპარაკებ. |
|
|
43 |
როგორც მიწისმუშაკის დათესილი თესლი იღუპება, თუ არ აღმოცენდა, ან
თუ დროულად არ მიიღო წვიმა, ან თუ ბევრი წვიმისაგან დალპა, |
|
|
44 |
ასევეა ადამიანიც, რომელიც შენი ხელით არის გამოსახული და შენს
ხატად იწოდება, რადგან შენი მსგავსია იგი, ვისთვისაც შექმენი ყოველივე და
მიწისმუშაკის თესლს მიამსგავსე. |
|
|
45 |
ნუ განრისხდები ჩვენზე, არამედ დაინდე შენი ხალხი და შეიწყალე შენი
მემკვიდრეობა; რადგან შენი ქმნილებების შემწყალე ხარ. |
|
|
46 |
მიპასუხა და თქვა: ყველაფერი, რაც აწმყოშია, აწმყოთათვის არის, და რაც
მყოფადშია, მყოფადთათვის არის. |
|
|
47 |
რადგან ბევრი რამ გაკლია იმისათვის, რომ ჩემზე მეტად შეიყვარო ჩემი
ქმნილება; მე ხშირად მოვსულვარ ახლოს შენთან, უსამართლოებთან კი - არასდროს. |
|
|
48 |
მაგრამ ამითაც საოცარი ხარ უზენაესის წინაშე, |
|
|
49 |
რადგან დაიმდაბლე თავი, როგორც შეგეფერება, და არ მოითხოვე,
მართალთა შორის მეტად განდიდებულიყავი. |
|
|
50 |
რადგან ბევრი მწუხარება შეხვდებათ წუთისოფლის მკვიდრთ უკანასკნელ
დროს იმის გამო, რომ მეტისმეტად ამპარტავნულად დადიოდნენ. |
|
|
51 |
შენ კი შენს თავზე იფიქრე და შენს მსგავსთათვის ეძებე დიდება. |
|
|
52 |
თქვენთვის ღიაა სამოთხის კარი, დარგულია სიცოცხლის ხე, გამზადებულია
მომავალი ჟამი, გამზადებულია სიუხვე, აგებულია ქალაქი, მონიჭებულია შვება,
სრულქმნილია სიკეთე და სრულქმნილია სიბრძნე. |
|
|
53 |
ბოროტების ძირი დაბეჭდილია თქვენთვის, სენი და მატლი დაფარულია
თქვენგან და ხრწნილება ქვესკნელში გადაიხვეწა დასავიწყებლად. |
|
|
54 |
გაივლის სატანჯველი და ბოლოს გამოჩნდება უკვდავების საუნჯე. |
|
|
55 |
ამიტომ ნუღარაფერს მკითხავ იმათ სიმრავლეზე, ვინც იღუპებიან, |
|
|
56 |
რადგან მათაც მიიღეს თავისუფლება, მაგრამ მოიძულეს უზენაესი, არად
ჩააგდეს მისი რჯული და მისი გზები მიატოვეს. |
|
|
57 |
აქამდე ფეხით თელავენ მის მართალ ხალხს |
|
|
58 |
და ამბობენ გულში: არ არსებობსო ღმერთი, თუმცა იცოდნენ, რომ
მოკვდებოდნენ. |
|
|
59 |
როგორც თქვენ მოგელით ის, რაც წინასწარ ითქვა, ასევე გამზადებულია
მათთვის წყურვილი და წამება. უზენაესს არ სურს ადამიანის განადგურება, |
|
|
60 |
მაგრამ თავად მისმა ქმნილებებმა წაბილწეს თავიანთი შემოქმედის
სახელი, უმადურად მოექცნენ მას, ვინც სცოცხლე განამზადა მათთვის. |
|
|
61 |
ამიტომაც ახლოვდება ჩემი სამსჯავრო. |
|
|
62 |
არ გამიმჟღავნებია ეს ბევრისათვის, მხოლოდ შენ გაგიმჟღავნე და
მცირეოდენთ, შენნაირებს. ვუპასუხე და ვთქვი; |
|
|
63 |
აჰა, გამიმჟღავნე ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ
უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო, როდის. |
|
|