1 |
აბრაამის თესლის ნაშიერნო, ისრაელიანებო, დაემორჩილეთ ამ რჯულს და ყოველმხრივ
გამოიჩინეთ ღვთისმოსაობა. |
|
|
2 |
იცოდეთ, რომ ვნებათა უფალია ღვთისმოსავი გონება, იგი ძლევს არა
მარტო სულიერ, არამედ ხორციელ ტკივილებსაც. |
|
|
3 |
ისინი, ვინც ღვთისმოსაობის გულისთვის სატანჯველში გზავნიან თავიანთ
სხეულს, არა მარტო ადამიანებს აოცებენ, არამედ ღმერთთანაც იმკვიდრებენ წილს. |
|
|
4 |
მათი წყალობით მოიპოვა მშვიდობა ერმა და სამშობლოში რჯულის
ამაღორძინებლებმა დახარკეს მტრები. |
|
|
5 |
ანტიოქოსი კი სიცოცხლეშიც დაისაჯა და სიკვდილის შემდეგაც მიეგო
შური. როცა მან ვერაფრით აიძულა იერუსალიმელები გაურჯულოებულიყვნენ და მამაპაპეული
ზნე-ჩვეულებებისთვის ეღალატნათ, დასტოვა იერუსალიმი და სპარსელთა წინააღმდეგ
გაილაშქრა. |
|
|
6 |
შვიდი შვილის დედა ასეთ შეგონებებსაც ეტყოდა თავის შვილებს: |
|
|
7 |
მე უმანკო ქალწული ვიყავი, არასდროს გავცდენივარ მამისეულ სახლს და
წმიდად ვიცავდი ნეკნს, საიდანაც წარმოვიშვი. |
|
|
8 |
არ დავუღუპივარ შემაცთენელს უდაბნოს ველზე, არც ჩემი სიქალწულის
სიწმიდე შეუბღალავს მაცთურ გველს. |
|
|
9 |
ქმართან გავატარე მოწიფულობის წლები. როცა თქვენ წამოიზარდეთ,
აღესრულა მამათქვენი; ბედნიერი კაცი იყო, რადგან მოესწრო შვილთა კეთილდღეობას და
მათი უბედურებით არ გამწარებია წუთისოფელი. |
|
|
10 |
ვიდრე თქვენთან იყო, გასწავლიდათ რჯულსა და წინასწარმეტყველებს;
|
|
|
11 |
გიკითხავდათ კაენისგან აბელის მკვლელობის ამბავს, -აღსავლენ
მსხვერპლად მიტანილ ისაკზე და საპყრობილეში მყოფთ იოსებზე. |
|
|
12 |
გიამბობდათ მოშურნე ფინხასზე და გმოძღვრავდათ ცეცხლში ჩაყრილ
ხანანიას, ყაზარიას და მიშაელის მაგალითზე; |
|
|
13 |
განადიდებდა დანიელს, ლომების ხაროში ჩაგდებულს და ნეტარად რაცხდა მას;
|
|
|
14 |
ჩაგაგონებდათ ესაიას დაწერილ სიტყვებს: ცეცხლშიც რომ გაიარო, ალი არ
დაგწვავსო. |
|
|
15 |
გიგალობდათ დავითის საგალობლებს, რომ ამბობს: ბევრი ჭირი ადგას
მართალ კაცსო. |
|
|
16 |
გიყვებოდათ სოლომონის იგავებს, სადაც ნათქვამია: მისი ნების
მყოფელთათვის სიცოცხლის ხეა გამზადებულიო. |
|
|
17 |
უდასტურებდა ეზეკიელს მის ნათქვამს: ნეტავ თუ გაცოცხლდებაო ეს
გამხმარი ძვლები? |
|
|
18 |
არ დავიწყნია, ესწავლებინა თქვენთვის მოსეს ნათქვამი სიმღერა: |
|
|
19 |
მე ვკლავ და მევე ვაცოცხლებო. ეს არის თქვენი სიცოცხლე და
წუთისოფელიო. |
|
|
20 |
ო, სასტიკი იყო ის დღეები, როცა ელინთა სასტიკი მბრძანებელი ცეცხლს
ცეცხლზე უნთებდა შემზარავ ქვაბებს და გამძვინვარებულ ახალ-ახალ საწამებლისკენ
მიათრევდა აბრაამიანი ასულის შვიდ ყმაწვილს, |
|
|
21 |
თვალის გუგებს უხვრეტდა მათ, ენას აძრობდა და მრავალგვარი
სატანჯველით კლავდა, |
|
|
22 |
მაგრამ ეწია მათ ღვთიური სამართალი და მიუზღო საკადრისი წყეულ
მბრძანებელს. |
|
|
23 |
აბრაამიანი ყმაწვილები კი გამარჯვებულ დედასთან ერთად შეუერთდნენ
მამათა გუნდს და უმანკო და უკვდავი სულები მიიღეს ღვთისგან. |
|
|
24 |
მათი დიდება იყოს უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
|
|