1 |
თუკი ქალმა და თან მოხუცმა, შვიდი შვილის დედამ გაუძლო შვილების სასიკვდილო
წამებას, ცხადი უნდა იყოს, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია. |
|
|
2 |
მე ცხადვყავი, რომ მარტო მამაკაცები როდი წარმართავენ ვნებებს;
არამედ დედაკაცსაც ძალუძს უსასტიკესი ტანჯვა-წამების არად ჩაგდება. |
|
|
3 |
მარტო დანიელის წინაშე კი არ მძვინვარებდნენ ლომები და მიშაელის
წინაშე - გავარვარებული ქურა; მსგავსადვე იწვოდა ბუნება დედისა, რომელიც უყურებდა
შვილების მრავალნაირ წამებას. |
|
|
4 |
მაგრამ ღვთისმოსავი გონების ძალით ჩააქრო დედამ მოძალებული ვნებები.
|
|
|
5 |
იფიქრეთ, სულმოკლე რომ ყოფილიყო ეს ქალი, თუმცა ის დედა იყო,
შეიბრალებდა შვილებს და, ალბათ, ამას იტყოდა: |
|
|
6 |
ვაი, მე, საწყალობელს და სამგზის უბედურს, შვიდი შვილის მშობელი
დედა უშვილო ვრჩები! |
|
|
7 |
ვაი, ჩემს ფუჭ მუცლადღებას, ამაოდ ჩავლილ შვიდჯერ ათ თვეს, უნაყოფო
ძიძაობას და გაცუდებულ ძუძუს წოვებას! |
|
|
8 |
ტყუილად ვითმენდი, შვილებო, თქვენზე მშობიარობის ტკივილებს და ფუჭად
ვეზიდებოდი აღზრდის უმძიმეს ტვირთს! |
|
|
9 |
ვაი, ჩემს შვილებს, უცოლოებს და ცოლიანებს - უშვილძიროებს! თქვენს
შვილებს და დიდდედის ბედნიერებას ვერ ვეღირსები! |
|
|
10 |
მრავალშვილიანი დედა, ღირსეულ ვაჟთა მშობელი, ქვრივ-ოხრად ვრჩები
მრავალსაწყალობელი. |
|
|
11 |
ისე ვკვდები, რომ ერთი შვილიც არ მრჩება დამმარხავი. |
|
|
12 |
მაგრამ არ მოთქვამდა ამგვარ საგოდებელს კურთხეული და ღვთისმოშიში
დედა, არცერთი მათგანი, სასიკვდილოდ მიმავალი, არ დაუკავებია, არც მწუხარება
მორევია, როცა კვდებოდნენ ისინი, |
|
|
13 |
არამედ ალმასივით მტკიცე გონება ჰქონდა შენარჩუნებული და
უკვდავებისთვის ხელახლა შობდა შვილებს და რჯულისათვის თავის გასაწირად ლოცავდა მათ.
|
|
|
14 |
ო, დედავ, ღვთის მეომარო რჯულისათვის! ო, ბერდედავ, შენი სიმხნევით სძლიე
მტრვალსაც კი და სიტყვით და საქმით მამაკაცზე ძლიერი გამოჩნდი! |
|
|
15 |
შენს შვიდ შვილთან ერთად შეპყრობილი იდექი და უყურებდი ელეაზარის
წამებას, ებრაულ ენაზე ეუბნებოდი შვილებს: |
|
|
16 |
შვილებო, საპატიოა ასპარეზი, რომელზეც ერის სიყვარულის
დასამოწმებლად ხართ გაწვეულნი. მამაცურად იბრძოლეთ მამაპაპეული რჯულისათვის. |
|
|
17 |
სამარცხვინო იქნება, ახალგაზრდები შეუშინდეთ სატანჯველს, როცა
მოხუცმა კაცმა გაუძლო წამებას ღვთისმოსავობის გულისთვის. |
|
|
18 |
გახსოვდეთ, რომ ღვთისგან გაქვთ მიღებული - ეს წუთისოფელი და
ღვთისთვის უნდა დათმოთ სიცოცხლე. |
|
|
19 |
ამიტომაც ვალად გადევთ, გაუძლოთ ყოველგვარ ტანჯვას ღვთისთვის. |
|
|
20 |
ამას ესწრაფოდა ჩვენი მამა აბრაამიც, როცა მსხვერპლად სწირავდა
ისაკს, ჩვენს წინაპარს, რომელიც არ შემდრკალა, დანა რომ დაინახა მამის ხელში. |
|
|
21 |
მართალი დანიელი ლომებს მიუგდეს, ხოლო ხანანია, ყაზარია და მიშაელი
გავარვარებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ მათ გაუძლეს ცეცხლს. |
|
|
22 |
და თქვენც, ასეთივე რწმენის მექონნი, ნუ გატყდებით. |
|
|
23 |
რადგან, დაუჯერებელია, ტანჯვა ვერ დაითმინოს კაცმა, რომელსაც
შემეცნებული აქვს ღვთის რჯული. |
|
|
24 |
ამ სიტყვებით შვიდი შვილის დედა თითოეულ მათგანს ევედრებოდა, უმალ
მომკვდარიყო, ვიდრე ღვთის მცნებანი უარეყო. |
|
|
25 |
მათ ისიც იცოდნენ, რომ ღვთისათვის დახოცილნი ღმერთში იცოცხლებდნენ,
როგორც აბრაამი, ისაკი, იაკობი და ყველა მამამთავარი. |
|
|