1 |
გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ. |
1 |
და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი. |
2 |
გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. |
2 |
და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა. |
3 |
აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა. |
3 |
და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად. |
4 |
ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. |
4 |
ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და. |
5 |
ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა. |
5 |
ყოველი მწვანვილი ველისა პირველ ყოფად ქუეყანასა ზედა და ყოველი თივა ველისა პირველ აღმოცენებადმდე, რამეთუ არ-ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა. |
6 |
ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს. |
6 |
ხოლო წყარო აღ-მო-ვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა |
7 |
გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. |
7 |
და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად. |
8 |
უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. |
8 |
და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა. |
9 |
აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა. |
9 |
და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა - შორის სამოთხესა და ხე იგი - ცნობად კეთილისა და ბოროტისა. |
10 |
მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. |
10 |
ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად. |
11 |
ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. |
11 |
სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ, სადა-იგი არს ოქროჲ. |
12 |
კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც. |
12 |
ხოლო ოქრო მის ქვეყანისაჲ კეთილ, მუნ არს ანთრაკი და ქვაჲ იგი კაპოეტი. |
13 |
მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას. |
13 |
და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა. |
14 |
მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი. |
14 |
და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი. |
15 |
აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. |
15 |
და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად. |
16 |
გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. |
16 |
და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო. |
17 |
მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით. |
17 |
ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ. |
18 |
თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. |
18 |
და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი. |
19 |
გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. |
19 |
და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ. |
20 |
დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი. |
20 |
და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი. |
21 |
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. |
21 |
დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ. |
22 |
ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. |
22 |
და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა: |
23 |
თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. |
23 |
და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი. |
24 |
ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ. |
24 |
ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა |
25 |
შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ. |
25 |
და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა. |