1 |
როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, |
1 |
და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა. |
2 |
დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. |
2 |
ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს. |
3 |
თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. |
3 |
და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ. |
4 |
ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. |
4 |
და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი. |
5 |
დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. |
5 |
ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა. |
6 |
ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. |
6 |
და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა. |
7 |
თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე. |
7 |
და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი. |
8 |
მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში. |
8 |
ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა. |
9 |
ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე. |
9 |
ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე. |
10 |
შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. |
10 |
ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ. |
11 |
წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. |
11 |
ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა. |
12 |
გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. |
12 |
და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა. |
13 |
უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ. |
13 |
და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა. |
14 |
გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე. |
14 |
იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა. |
15 |
ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა; |
15 |
და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი. |
16 |
სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე. |
16 |
შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი. |
17 |
აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს. |
17 |
ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს. |
18 |
შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. |
18 |
და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა. |
19 |
ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს. |
19 |
და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ. |
20 |
ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ. |
20 |
ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი. |
21 |
წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც. |
21 |
ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად |
22 |
ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა. |
22 |
და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა. |