1 |
აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. |
1 |
და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას. |
2 |
თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი. |
2 |
და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა, და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა. |
3 |
ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. |
3 |
და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი. |
4 |
ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ. |
4 |
გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ. |
5 |
მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. |
5 |
და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა. |
6 |
ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი. |
6 |
და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი. |
7 |
ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე. |
7 |
ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას. |
8 |
უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად: |
8 |
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან: |
9 |
აჰა, გიდებთ აღთქმას თქვენ და თქვენს შთამომავლობას, |
9 |
აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა თქუენდა და თესლისა თქუენისა შემდგომად თქუენსა. |
10 |
ყოველ სულდგმულს, რომელიც კი თქვენთან არის, ფრინველს, პირუტყვს, მიწის ყველა მხეცს, რომელიც კი თქვენთან არის, ყველას, კიდობნიდან გამოსულს, |
10 |
და ყოვლისა სულისა ცხოველისა თქუენ თანა მფრინველთაგან და საცხოვართაგან და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისათა, რაოდენნი არიან თქუენ თანა, ყოველთა თანა გამოსრულთა კიდობნით და ყოველთა პირუტყუთა ქუეყანისათა. |
11 |
გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად. |
11 |
და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი თქუენდა მიმართ და არ-ღა-რა მოჰკუდეთ ყოველი ჴორცი წყლისა მიერ რღუნისა და არ-ღა-რა იყოს მერმე რღუნა წყლისა განხრწნად ყოვლისა ქუეყანისა. |
12 |
თქვა უფალმა ღმერთმა: ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, სამარადისოდ; |
12 |
და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა: ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოველისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ. |
13 |
ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის. |
13 |
რამეთუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა. |
14 |
როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა, |
14 |
და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა. |
15 |
მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად. |
15 |
და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა. |
16 |
გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამქვეყნად. |
16 |
და იყოს მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიჴსენო აღთქუმაჲ საუკუნო შორის ჩემსა. და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა. |
17 |
უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს იყოს ნიშანი ჩემი აღთქმისა, რომელიც დაგიდევით თქვენ და ყოველ ხორციელს, რაც კი არის ამქვეყნად. |
17 |
და ჰრქუა უფალმან ნოეს: ესე სასწაული არს აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელი დავდევ შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა. |
18 |
ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი. |
18 |
ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი. |
19 |
ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული. |
19 |
ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა. |
20 |
დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი. |
20 |
და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი. |
21 |
შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. |
21 |
და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა. |
22 |
დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას. |
22 |
და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე. |
23 |
აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. |
23 |
და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაჲ მამისა მათისა არა იხილეს. |
24 |
გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი. |
24 |
და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან. |
25 |
თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს! |
25 |
და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ. |
26 |
თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი! |
26 |
და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა. |
27 |
განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი! |
27 |
განავრცენ ღმერთმან იაფეთ და დაემკჳდრენინ საყოფელთა შინა სემისთა. და იქმენინ ქანან მონა მისა. |
28 |
იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი. |
28 |
ხოლო ცხოვნდა ნოე შემდგომად წყლით რღუნისა სამასორმეოცდაათ წელ. |
29 |
სრული ხანი ნოესი იყო ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა. |
29 |
იქმნნეს ყოველნი დღენი ნოესნი ცხრაასერგისის წელ და მოკუდა. |