1 |
გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და იყო მდგმურად გერარში. |
1 |
და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის. |
2 |
თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის ეს ქალი. მაშინ გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი და წაიყვანა სარა. |
2 |
და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ. |
3 |
მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი. |
3 |
მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა. |
4 |
აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა: უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ? |
4 |
ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა? |
5 |
განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს. |
5 |
არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე. |
6 |
უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს. |
6 |
და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა. |
7 |
ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ არც შენ და არც შენიანებს. |
7 |
ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი. |
8 |
ადგა დილაადრიანად აბიმელექი, დაიბარა თავისი მორჩილნი და მოუყვა მათ მთელ ამ ამბავს. მეტისმეტად შეშინდა ხალხი. |
8 |
აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად. |
9 |
დაიბარა აბიმელექმა აბრაამი და უთხრა: ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში მაგდებდი მეც და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არავისთვის უქნიათ ოდესმე. |
9 |
და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ. |
10 |
კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რას ფიქრობდი, ამ საქმეს რომ მიპირებდი? |
10 |
და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲსა გულსა მოგიჴდა და ჰყავ ესე?. |
11 |
უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი. |
11 |
და ჰრქუა აბრაჰამ: რამეთუ ვთქუ, ნუუკუე არა იყოს ღმრთისმსახურებაჲ ადგილსა ამას და მე მომკლან ცოლისა ჩემისათჳს. |
12 |
მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად, |
12 |
და რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ. |
13 |
როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი. |
13 |
და იყო, ოდეს გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ვარქუ მას: ესე სიმართლე ჰყო ჩემდა მომართ ყოველსავე ადგილსა, ვიდრეცა შევიდეთ მუნ, თქუ ჩემთჳს, ვითარმედ ძმაჲ ჩემი არს. |
14 |
აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმაქალები. და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი. |
14 |
და მოიღო აბიმელიქ ათასი სასწორი ფასი და ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები და მისცა აბრაჰამს და მოსცა სარრა, ცოლი მისი. |
15 |
უთხრა აბიმელექმა: აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე. |
15 |
და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: აჰა ესერა, ქუეყანა ესე წინაშე შენსა არს, სადაცა გთნავს, დაეშენე. |
16 |
სარას უთხრა: აჰა, ათასი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ! |
16 |
ხოლო სარრას ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა. ესე გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა და ყოველთავე დედათა შენთანათა და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი. |
17 |
ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი. მისი ცოლი და მისი მხევლები, და ეყოლათ შვილები. |
17 |
და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი მისი და მჴევლები მისი და შობდეს. |
18 |
რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის, სარას გამო. |
18 |
რამეთუ დაჴშვით დაჴშა უფალმან გარეშე ყოველი საშოჲ სახლსა შინა აბიმელიქისასა სარრასთჳს, ცოლისა აბრაჰამისა. |