1 |
უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა; ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა. |
1 |
და მოჰხედა უფალმან სარრას, ვითარცა ჰრქუა და უყო ღმერთმან სარრას, ვითარცა ეტყოდა მას. |
2 |
დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს. |
2 |
და მიუდგა და უშვა აბრაჰამს ძე სიბერისა ოდენ ჟამსა, ვითარცა ეტყოდა მას ღმერთი. |
3 |
უწოდა აბრაამმა სახელად ისაკი თავის ძეს, შეძენილს, რომელიც უშვა მას სარამ. |
3 |
და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ. |
4 |
წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს. |
4 |
და წინა-დასცჳთა აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან. |
5 |
ასი წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე. |
5 |
ხოლო აბრაჰამ იყო ას წლისა, რაჟამს ესუა მას ისაკ, ძე თჳსი. |
6 |
თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს. |
6 |
და თქუა სარრა: საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა. |
7 |
თქვა: ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე. |
7 |
და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა. |
8 |
წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი. |
8 |
და განორძნდა ყრმაჲ იგი და განეყენა სძესა და ყო აბრაჰამ სერი დიდი, რომელსა დღესა განეყენა სძესა ისაკ, ძე მისი. |
9 |
დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს. |
9 |
და იხილა სარრა ძე აგარისი მეგჳპტელისა. რომელ-იგი ესვა აბრაჰამს, იმღერდა ისაკის თანა, ძისა მისისა. |
10 |
უთხრა სარამ აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად. |
10 |
მიუგო და ჰრქუა აბრაჰამს: განაძე მჴევალი ეგე და ძე მისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს ძემან მჴევლისამან ძისა ჩემისა ისაკის თანა. |
11 |
მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო. |
11 |
ხოლო ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს. |
12 |
უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა. |
12 |
და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად. |
13 |
ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი. |
13 |
ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს. |
14 |
ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში. |
14 |
ხოლო აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს. და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. |
15 |
გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას. |
15 |
მოაკლდა წყალი იგი თხიერისაჲ მისგან და დააგდო ყრმაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა. |
16 |
წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, საისრეზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო. იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა. |
16 |
და წარვიდა ღა დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა. |
17 |
მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა; დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა: რა იყო, აგარ? ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის. |
17 |
შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მის ადგილით, სადა-იგი იყო, და უწოდა ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს. |
18 |
ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას. |
18 |
აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე. |
19 |
აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა; წავიდა, წყლით აავსო მათარა და ყმაწვილს დაალევინა. |
19 |
და აღუხილნა ღმერთმან თუალნი მისნი და იხილა ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მივიდა და აღავსო თხიერი იგი წყლითა და ასუა ყრმასა მას, და იყო ღმერთი ყრმისა მის თანა. |
20 |
ღმერთი იყო ყმაწვილთან; გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა, და მშვილდოსანი შეიქნა. |
20 |
და აღორძნდა და დაეშენა უდაბნოსა და იყო იგი მეისარ. |
21 |
დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან. |
21 |
და დაემკჳდრა უდაბნოსა მას ფარანისა, და მოჰგუარა მას დედამან მისმან ცოლი ქუეყანით ეგჳპტით. |
22 |
იმ ხანებში იყო, რომ უთხრეს აბრაამს აბიმელექმა და ფიქოლმა, მისმა მხედართმთავარმა: ღმერთია შენთან ყველა საქმეში, რასაც აკეთებ. |
22 |
მას ჟამსა ოდენ მიუგო აბიმელექ და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარმან და ფიქოლ, ერისთავმან ერისა მისისამან, აბრაჰამს და ჰრქუა: ღმერთი შენ თანა არს ყოველსავე, რასაცა იქმ. |
23 |
ახლა, შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ მიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას; როგორც მე გექცეოდი კეთილად, ისე შენც მოგვექეცი კეთილად მე და ამ ქვეყანას, სადაც მდგმურადა ხარ. |
23 |
აწ უკუე მეფუცე მე, ღმერთსა, რათა არა მავნო, არცა ნათესავსა ჩემსა, ნუცა სახლსა ჩემსა, არამედ სიმართლისაებრ ჩემისა, რომელი ვყავ შენ თანა და ქუეყანასა მას. რომელსა დამკჳდრებულ ხარ შენ მას ზედა. |
24 |
უთხრა აბრაამმა: გეფიცები. |
24 |
და ჰრქუა მას აბრაჰამ: მე უკუე გეფუცო შენ. |
25 |
საყვედურობდა აბრაამი აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიტაცებული ჰქონდა აბიმელექის მორჩილთ. |
25 |
და ამხილა აბრაჰამ აბიმელექს ჯურღმულთა მათთჳს წყლისათა, რომელ-იგი მოუღიეს მწყემსთა მათ აბიმელექისთა. |
26 |
უთხრა აბიმელექმა: არ ვიცი, ვინ ქნა ეს საქმე; შენ არაფერი გითქვამს ჩემთვის; მეც არაფერი მსმენია დღემდე. |
26 |
ჰრქუა აბიმელექ აბრაჰამს: არა ვიცი, ვინ ყო საქმე ეგე. არცა შენ მითხარ, არცა მე მესმა, არამედ დღეს ხოლო. |
27 |
აიღო და მისცა აბრაამმა ცხვარ-ძროხა აბიმელექს; და შეკრეს კავშირი. |
27 |
მოასხა აბრაჰამ ცხოვარი და ზროხაჲ და მისცა აბიმელექს და აღითქუეს ორთავე აღთქუმა. |
28 |
ცალკე გამოასხა აბრაამმა ფარიდან შვიდი ბატკანი. |
28 |
დაადგინა აბრაჰამ შჳდნი ტარიგნი თჳსაგან. |
29 |
უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ეს შვიდი ბატკანი, ცალკე რომ გამოასხი? |
29 |
და ჰრქუა აბრაჰამს აბიმელექ: რაჲ არიან შჳდნი ესე ტარიგნი ცხოვართანი, რომელ-ესე დაადგინენ თჳსაგან? |
30 |
უთხრა აბრაამმა: მიიღე ჩემგან ეს შვიდი ბატკანი იმის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა. |
30 |
მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა: რამეთუ შჳდნი ესე ტარიგნი მიიბნე ჩემგან. რათა იყვნენ ჩემდა საწამებელად, რამეთუ მე ვთხარე ჯურღმული ესე. |
31 |
ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს. |
31 |
ამისთჳს უწოდა სახელი ადგილსა მას ჯურღმულ ფიცისა. |
32 |
შეკრეს კავშირი ბერშებაში; ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. |
32 |
რამეთუ მუნ იფიცნეს ურთიერთას და აღითქუეს აღთქუმაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. და აღდგა აბიმელექ და ოქოზათ, მზახალი იგი მისი, და ფიქორ, ერისთავი ერისა მისისაჲ, და წარვიდეს ქუეყანად ფილისტიმედ. |
33 |
დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის, საუკუნო ღმერთის სახელი. |
33 |
დაასხა აბრაჰამ ყანაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და ჰხადა მუნ სახელი უფლისა ღმრთისა საუკუნოჲ. |
34 |
მდგმურობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი. |
34 |
და დაემკჳდრა აბრაჰამ ქუეყანასა მას ფილისტიმისასა დღეთა მრავალთა. |