1 |
იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი, ეს არის სარას სიცოცხლის წლები. |
1 |
იყო ცხორებაჲ სარრასი ასოცდაშჳდ წელ. |
2 |
მოკვდა სარა კირიათ-არბეში, აწინდელ ხებრონში, ქანაანის ქვეყნად. მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად. |
2 |
და მოკუდა სარრა ქალაქსა შინა არბოკსა, რომელ არს ღელოვანსა მას, ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისსა. მოვიდა აბრაჰამ ტყებად სარრასა და გლოვად. |
3 |
მოსცილდა თავის მკვდარს აბრაამი და ეუბნება ხეთელებს: |
3 |
და აღდგა აბრაჰამ მკუდრისა მისგან და ჰრქუა ძეთა ქეტისთა მეტყუელმან: |
4 |
მსხემად და მდგმურად ვარ თქვენთან; მომეცით საკუთარი სამარხი თქვენს მიწაზე, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი. |
4 |
მწირ და წარმავალ ვარ მე თქუენ თანა. მომეცით მე ადგილი საფლავისაჲ თქუენ შორის და დავფლა მკუდარი ჩემი ჩემგან. |
5 |
მიუგეს ხეთელებმა აბრაამს და უთხრეს: |
5 |
მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ და ჰრქუეს. |
6 |
მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენს შორის; დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში. ჩვენს შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად. |
6 |
რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ. |
7 |
ადგა აბრაამი და თაყვანისცა ამ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს. |
7 |
აღდგა აბრაჰამ და თაყუანი-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა, ძეთა ქეტისთა. |
8 |
ასე უთხრა მათ: თუ ინებებთ და მკვდარს დამამარხვინებთ, ბარემ ნუ გამაწბილებთ და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარის ძეს, |
8 |
და ეტყოდა მათ და ჰრქუა: უკუეთუ გულითად გნებავს, რათა დავჰფლა მკუდარი ჩემი პირისაგან ჩემისა; ისმინეთ ჩემი და ეტყოდეთ ჩემთჳს ეფრონს, ძესა სარისსა. |
9 |
მომცეს მახფელას მღვიმე, მისი ყანის ბოლოს რომ არის; თავის ფასში მომცეს თქვენი თანდასწრებით საკუთარ სამარხად. |
9 |
და მომეცინ მე ქუაბი მრჩობლი. რომელ არს მისი, რომელ-იგი არს ერთკერძო აგარაკსა მისსა, ვეცხლის რაჲ ღირდეს, მომეცინ მე იგი თქუენ შორის მონაგებად საფლავისა. |
10 |
ყეფრონი ხეთელებს შორის იჯდა; მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ნეთელთა და ყველას გასაგონად, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული, და უთხრა: |
10 |
ხოლო ეფრონ ჯდა შორის ძეთა ქეტისთა, მიუგო ეფრონ ქეტელმან აბრაჰამს და ჰრქუა წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა, რომელნი შევიდეს ქალაქად. |
11 |
არა, ბატონო, მომისმინე: მინდორიც მომიცია და მღვიმეც, იქ რომ არის; ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია; დამარხე შენი მკვდარი. |
11 |
და ჰრქუა: ჩემდა მოიხილე, უფალო და ისმინე ჩემი: აგარაკსა მას და ქუაბსა, რომელ არს მას შინა, შენ მიგცემ, წინაშე ყოველთა მოქალაქეთა ჩემთა დაჰფალ მუნ მკუდარი შენი. |
12 |
თაყვანისცა აბრაამმა ქვეყნის ერს. |
12 |
თაყუანის-სცა აბრაჰამ წინაშე ყოვლისა ერისა მის ქუეყანისა. |
13 |
ასე ელაპარაკა ყეფრონს ქვეყნის ერის გასაგონად: თუ თანახმა ხარ, აიღე მინდვრის საფასური, გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს. |
13 |
და ჰრქუა ეფრონს ყურთა მიმართ ყოვლისა ერისა მის ქუეყანისათა: რამეთუ ჩემ კერძო ხარ, ისმინე ჩემი, ვეცხლი აგარაკისა მის მიიღე ჩემგან და დავფლა მკუდარი ჩემი მუნ. |
14 |
მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა: |
14 |
და მიუგო ეფრონ აბრაჰამს და ჰრქუა: |
15 |
ყური დამიგდე, ბატონო: რა სალაპარაკოა ოთხასი შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა. წადი, დამარხე შენი მკვდარი. |
15 |
არა, უფალო, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ ქუეყანა ოთხასისა დიდრაქმისა ვეცხლისა არს, არამედ შენ შორის და ჩემ შორის რაჲ არს ესე? ხოლო შენ დაჰფალ მკუდარი შენი. |
16 |
დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა აბრაამმა ყეფრონს ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად, ოთხასი შეკელი ვერცხლი ვაჭართა მაზანდით. |
16 |
და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა. |
17 |
ასე დაუმტკიცდა საკუთრებად აბრაამს ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს წინ რომ არის, მინდორი და იქ მდებარე მღვიმე, ყოველი ხე იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ დგას ირგვლივ, |
17 |
და დაამტკიცა აგარაკი იგი ეფრონისი. რომელი იყო ქუაბსა მა~ მრჩობლსა, რომელ არს პირისპირ წინაშე მამბრესსა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელი იყო მას შინა და ყოველი ხე, რომელი იყო აგარაკსა შინა, რომელ არს საზღვართა მისთა გარემო. |
18 |
ხეთელთა და ყველას თანდასწრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული. |
18 |
ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა. |
19 |
ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყნად. |
19 |
და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თჳსი სარრა, ქუაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა. |
20 |
დაუმტკიცდა აბრაამს მინდორი და იქ მდებარე მღვიმე ხეთელებისგან საკუთარ სამარხად. |
20 |
და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა. |