1 |
ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს.
|
1 |
ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს და ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან. |
2 |
იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს. |
2 |
ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. |
3 |
ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია. |
3 |
რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან. |
4 |
რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა. |
4 |
რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაჲ ჩუენი. |
5 |
ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? |
5 |
რაჲ არს, რომლითა სძლევს სოფელსა? არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ? |
6 |
ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება. |
6 |
ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა, იესუ ქრისტე არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა; და სული არს, რომელი წამებს, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ. |
7 |
ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია. |
7 |
რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან. |
8 |
და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია. |
8 |
რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი; და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან. |
9 |
თუ კაცთა მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, რადგანაც ეს არის საღმრთო მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. |
9 |
უკუეთუ წამებასა კაცთასა მოვიღებთ, წამებაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ღმრთისაჲ, რომელი წამა ძისა მისისათჳს. |
10 |
ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. |
10 |
რომელსა ჰრწმენეს ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაჲ იგი თავსა შორის თჳსსა; რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს. |
11 |
მოწმობა კი ის არის, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე მის ძეშია. |
11 |
და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს. |
12 |
ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს.
|
12 |
რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა ცხორებაჲ აქუს. |
13 |
ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. |
13 |
ესე მივწერე თქუენდა, მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუს, რაჲთა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა. |
14 |
და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს. |
14 |
და ესე არს განცხადებულებაჲ, რომელი მაქუს მისა მიმართ, რამეთუ უკუეთუ რაჲმე ვითხოოთ ნებისაებრ მისისა, ისმენს ჩუენსა. |
15 |
და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ. |
15 |
რაჲცა-იგი ვითხოოთ და უწყით, რამეთუ მოვიღოთ თხოაჲ იგი, რომელი ვითხოვეთ მისგან. |
16 |
თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი. |
16 |
უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს. |
17 |
ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი. |
17 |
ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე. |
18 |
ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას. |
18 |
ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ რომელი-იგი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თჳსი და ბოროტი მას არა შეეხოს. |
19 |
ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. |
19 |
ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას. |
20 |
ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. |
20 |
ხოლო ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ. |
21 |
შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ. |
21 |
შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან. ამინ. |