მართლმადიდებელი

პარასკევი, 18.01.2019, 15:48

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | ბლოგი | რეგისტრაცია | შესვლა


21:32
პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული,

1

პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა,

2 სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილში, 2 რომელი-იგი წინაწარ აღუთქუა წინაწარმეტყუელთა მისთა მიერ წიგნთაგან წმიდათა
3 და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს, 3 ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად,
4 ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, 4 რომელი-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა,
5 ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი, 5 რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს,
6 რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი; 6 რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესუ ქრისტესნი,
7 ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 7 ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა!
8 უპირველესად, ყოველი თქვენგანისათვის ვმადლობ ღმერთს ჩემსას იესო ქრისტეს მეოხებით, რადგანაც თქვენი რწმენა ეხარება მთელ ქვეყანას. 8 პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა,
9 მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ; 9 რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ;
10 დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე. 10 მარადის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაჲთა აწ ღათუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა,
11 რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად, 11 რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა.
12 ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით. 12 ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი.
13 მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის. 13 არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქამდე, რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა.
14 ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. 14 წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანა-მდებ ვარ.
15 ჩემდა თავად კი ვისწრაფვი, რომ გახაროთ რომში მყოფთაც. 15 და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო.
16 რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის. 16 რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა.
17

რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.

17 რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.
18 რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას. 18 რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა.
19 ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ. 19 რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ.
20 და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება. 20 რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ,
21 რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; 21 რამეთუ იცოდეს ღმერთი, და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი.
22 ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; 22 იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს.
23 და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, 23 და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა.
24 ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; 24 ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არა-წმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა,
25 სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. 25 რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.
26 ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. 26 ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად.
27 ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური. 27 ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.
28 და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას. 28 და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა;
29 ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით. 29 აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა,
30 ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი, 30 ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ,
31

უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი,

31 უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო,
32 რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ. 32 რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ. 
კატეგორია: პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ | ნანახია: 347 | დაამატა: kiborg | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar

ფეისბუქ ჯგუფი

 
საქართველო უცხოტომელების გარეშე
Facebook Group · 56 members
Join Group
ნუ თუ არ მოგბეზრდათ ირანელების, თურქების, არაბების , ინდოელების და ჩინელების თარეში ჩვენ ქვეყანაში ?
 

შესვლა

ძებნა