1 |
ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.
|
1 |
ვიტყჳ უკუე: ნუ განიშორა-მეა ღმერთმან ერი თჳსი? ნუ იყოფინ და რამეთუ მეცა ისრაიტელი ვარ თესლისაგან აბრაჰამისა, ტომისაგან ბენიამენისა.
|
2 |
არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო: |
2 |
არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაწარ იცნა. ანუ არა უწყითა ელიაჲსი, რასა-იგი იტყჳს წიგნი? ვითარ-იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა და იტყჳს: |
3 |
„უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს“. |
3 |
უფალო, წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს და საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს; და მე დაშთომილ ვარ მარტოჲ, და ეძიებენ სულსაცა ჩემსა. |
4 |
მაგრამ რას ეუბნება პასუნი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე. |
4 |
არამედ რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის? დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა. |
5 |
ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი. |
5 |
ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით იქმნა. |
6 |
მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი. |
6 |
ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად; უკუეთუ კულა საქმეთაგან, არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე. |
7 |
მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული. |
7 |
აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა; ხოლო რჩეული იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს. |
8 |
როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“. |
8 |
ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ, თუალნი, რაჲთა არა ჰხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე. |
9 |
ხოლო დავითი ამბობს: „დაე, ტაბლა მახედ და ბადედ ექცეთ, საცდურად და მათ საზღაურად; |
9 |
და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცდურ მათდა. |
10 |
დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“. |
10 |
დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე! |
11 |
მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური. |
11 |
ხოლო ვიტყჳ: ნუუკუე შეუბრკუმა, რაჲთა დაეცნენ? ნუ იყოფინ! არამედ მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართაჲ იქმნა საშურებელად მათდა. |
12 |
ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი. |
12 |
ხოლო უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი! |
13 |
თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. |
13 |
ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რაოდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურებაჲ ესე ჩემი ვადიდო. |
14 |
იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი.
|
14 |
ვაშურო ხოლო თუ ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი? |
15 |
რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით? |
15 |
რამეთუ უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი დაგება სოფლისა, რაოდენ-მე შეწყნარებაჲ მათი, არა თუ ცხორებაჲ მკუდართაგან? |
16 |
თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევე - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევე - რტონიც. |
16 |
ხოლო უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, და თბეცა; და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, და რტონიცა მისნი. |
17 |
ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი, |
17 |
ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანა-ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ, |
18 |
ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ. |
18 |
ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას - შენ. |
19 |
იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო. |
19 |
სთქუა უკუე: გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა, |
20 |
კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს. |
20 |
კეთილ! იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა; ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ. |
21 |
რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს. |
21 |
უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს. |
22 |
ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები. |
22 |
აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა - სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა - სიტკბოებაჲ, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკუეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო. |
23 |
მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც ძალუძს მათი დამყნობა. |
23 |
და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ; რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა. |
24 |
ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?
|
24 |
უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთის ხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რავდენ უფროჲს იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თჳსსავე მას ზეთის ხილსა! |
25 |
რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. |
25 |
არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, - რაჲთა არა იყვნეთ თავით თვსით ბრძენ, - რამეთუ სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს. |
26 |
ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან. |
26 |
და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. |
27 |
ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს“.
|
27 |
და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი. |
28 |
სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის გულისთვის - საყვარელნი მამათა გამო. |
28 |
სახარებისა მისგან - მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან - საყუარელ მამათათჳს. |
29 |
რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა. |
29 |
რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი. |
30 |
ვინაიდან როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობის გამო, |
30 |
რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, |
31 |
ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ. |
31 |
ეგრეთე ესენი ურჩ ექმნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ. |
32 |
რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს. |
32 |
რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს. |
33 |
ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი! |
33 |
ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! |
34 |
რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი? |
34 |
რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას? |
35 |
ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს? |
35 |
ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? |
36 |
რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |
36 |
რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |