1 |
მაშ, ილოცეთ, ძმანო, ჩვენთვის, რათა სიტყვა ღვთისა განავრცოს და იდიდოს, როგორც თქვენს შორის,
|
1 |
ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳს, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ,
|
2 |
რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა. |
2 |
და რაჲთა განვერნეთ უწესოთა და უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაჲ არს სარწმუნოებაჲ. |
3 |
მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან. |
3 |
ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან. |
4 |
ხოლო ჩვენ გენდობით უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც აღასრულებთ, რასაც გამცნობთ. |
4 |
ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა. |
5 |
უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ. |
5 |
ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა. |
6 |
ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ. |
6 |
გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან. |
7 |
რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძთთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენს შორის. |
7 |
რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩუენდა; რამეთუ არარაჲ უჯეროჲ ვყავთ თქუენ შორის; |
8 |
არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს. |
8 |
და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ, |
9 |
იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი. |
9 |
არათუ რამეთუ არა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ რაჲთა თავნი თჳსნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ. |
10 |
ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს. |
10 |
და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ. |
11 |
მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს. |
11 |
რამეთუ მესმის ვიეთთჳსმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმან, არამედ მიმოიწულილვენ. |
12 |
ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური. |
12 |
ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა მყუდროებით შურებოდინ და თჳსსა პურსა ჭამდენ. |
13 |
თქვენ კი, ძმანო, ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა. |
13 |
ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად. |
14 |
ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს. |
14 |
და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს.
|
15 |
მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ. |
15 |
და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა. |
16 |
თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან. |
16 |
ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის ყოვლითავე სახითა; უფალი თქუენ ყოველთა თანა! |
17 |
მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ. |
17 |
კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე: |
18 |
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ. |
18 |
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ. |