1 |
ხოლო მე, პავლე, თქვენს შორის პირისპირ ყოფნისას - მდაბალი, შორიდან კი - თქვენს მიმართ თამამი, ქრისტეს თვინიერებითა და სიკეთით შეგაგონებთ და გევედრებით:
|
1 |
მე, თავადი პავლე, გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა, რომელი-ესე პირისპირ მდაბალ თქუენ შორის, ხოლო შორით ვიკადრებ თქუენდა მიმართ.
|
2 |
ნუ მაიძულებთ, რომ თქვენთან მოსვლისას მივმართო იმ სიმკაცრეს, რითაც ვაპირებ ჭკუა ვასწავლო ზოგიერთ თქვენგანს, ხორციელად მოარულნი რომ ვგონივართ ჩვენ. |
2 |
ხოლო გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო სასოებით, გინა შე-რაჲმე-ვჰრაცხო კადრებად ვიეთმე ზედა, რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა ჴორციელად მავალნი. |
3 |
ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი ვიბრძვით. |
3 |
რამეთუ ჴორციელად თუ ვიქცევით, არამედ არა ჴორციელად განწესებულ ვართ. |
4 |
რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად. |
4 |
რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ - არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღუეველად ძნელოვანთა, გულის სიტყუათა დავარღუევთ |
5 |
მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს. |
5 |
და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა, |
6 |
ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება. |
6 |
და განმზადებულად გუაქუს შურის-გებად ყოვლისა ურჩებისა, რაჟამს აღესრულოს თქუენი ეგე მორჩილებაჲ. |
7 |
დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ. |
7 |
კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი. |
8 |
რადგანაც მე რომ უფრო მეტად ვიქადოდე ჩვენი ხელმწიფებით, თქვენს დასაქცევად კი არა, ასაშენებლად რომ მოგვცა ღმერთმა, განა შერცხვენილი არ დავრჩებოდი? |
8 |
რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისა-თჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს, |
9 |
მაგრამ ნუ გგონიათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ. |
9 |
ხოლო, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით. |
10 |
შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ, პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი - უფასურიო. |
10 |
რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ, და სიტყუაჲ შეურაცხ. |
11 |
ამნაირებმა იცოდნენ, რომ, როგორიცა ვართ შორიდან - წერილის სიტყვით, ისეთივე ვართ პირისპირ - საქმით. |
11 |
და ესე განიზრახე ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა. |
12 |
რადგანაც ვერ ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, დიდ ვინმედ რომ მოაქვთ თავი: ეს უგუნურნი თავიანთი თავით ზომავენ საკუთარ თავს და თავიანთ თავსვე ედრებიან. |
12 |
რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანა-შეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ. |
13 |
ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის. |
13 |
ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელი-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე. |
14 |
ამიტომაც არ გადავალთ ზღვარს, რათა თქვენამდე მოვაღწიოთ, რაკიღა თქვენც მოგწვდით ქრისტეს სახარებით. |
14 |
რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ. უმეტეს განვირთხამთ თავთა თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა. |
15 |
არც უსაზომოდ ვიქადით და არც სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ, თქვენი რწმენის ზრდისამებრ, უხვად ვამრავლებთ ჩვენს წილხვედრს თქვენში. |
15 |
არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ ჩუენისა ნამეტნავად, |
16 |
ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით. |
16 |
მიერ კერძო თქუენსა სახარებად არა სხჳსა კანონსა ზედა მზასა სიქადულად. |
17 |
ვინც იქადის, უფლით იქადოდეს. |
17 |
ხოლო რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ. |
18 |
რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი. |
18 |
რამეთუ არა რომელი-იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილი, არამედ რომელსა-იგი უფალი ეწამოს. |