1 |
სხვა მხრივ კი, იხარეთ, ძმანო, უფალში. ამის მოწერა საძნელო როდია ჩემთვის, თქვენთვის კი სიმხნევეა.
|
1 |
ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ! იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს. |
2 |
ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას, |
2 |
ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან, ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა, ხედევდით განკუეთილებასა მას, |
3 |
რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს. |
3 |
რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმრთისა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ და არა ჴორცთა ვესავთ, |
4 |
თუმცა მე შეიძლება ხორცის იმედიც მქონდეს; თუკი სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცის იმედი აქვს, მე - მით უმეტეს: |
4 |
და ღათუ მაქუს მე ჴორცთაგანცა სასოებაჲ, უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად ჴორცითა, მე - უფროჲსღა: |
5 |
მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი, |
5 |
წინადაცუეთილებაჲ მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი, |
6 |
შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო, |
6 |
შურით ვსდევნიდ ეკლესიათა და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო. |
7 |
მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის; |
7 |
არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად. |
8 |
და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე, |
8 |
არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუნისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო. |
9 |
და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული; |
9 |
და ვიპოო მას შინა, რაჲთა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე შჯულისაგან, არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით, |
10 |
რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს |
10 |
ცნობად მისა და ძალსა მას აღდგომისა მისისასა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა, თანა-ხატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა, |
11 |
და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. |
11 |
რაჲთა მი-ვითარ-რაჲ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა. |
12 |
იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო.
|
12 |
არა თუ ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულ ქმნულ ვარ; ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ.
|
13 |
არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; |
13 |
ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, |
14 |
დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. |
14 |
და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ. |
15 |
ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც. |
15 |
რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ. |
16 |
ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ. |
16 |
გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ. |
17 |
მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში. |
17 |
მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა. |
18 |
რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები, |
18 |
რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათჳს მრავალ-გზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს ჯუარისათა, |
19 |
რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ. |
19 |
რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს, რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაჲ - სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ. |
20 |
ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს, |
20 |
ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, |
21 |
რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს. |
21 |
რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი. |