მართლმადიდებელი

პარასკევი, 18.01.2019, 16:01

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | ბლოგი | რეგისტრაცია | შესვლა


22:00
მოციქულთა საქმენი

თავი ოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თავდაღწეულებმა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტე ერქვა.

1 და გამო-რაჲ-ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტონი ერქუა ჭალაკსა მას.
2 იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს. 2 ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს ჩუენ არა მცირედი კაცთ მოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო.
3 მაგრამ როდესაც პავლემ დიდძალი ფიჩხი შეაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, სიცხის გამო ანაზდეულად გამოძვრა გველი და მკვლავზე შემოეხვია. 3 და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დაასხმიდა ცეცხლსა მას ზედა, იქედნე სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა პავლესსა.
4 მის მკლავზე შემოხვეული გველის დანახვისას იქაურებმა ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგანაც ზღვისგან თავდაღწეულს სამართალი უსწრაფებს დღესო. 4 ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ გუელი იგი, დამოკიდებული ჴელსა მისსა, იტყოდეს ურთიერთას: კაცის-მკლველი სამე არს კაცი ესე, რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა.
5 მაგრამ მან ხელი გაიქნია და ცეცხლში შეაგდო გველი, ისე, რომ არა ვნებია რა. 5 ხოლო მან ჴელი განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაჲ ბოროტი ევნო მას.
6 მათ ეგონათ, გასივდება ან ახლავე მკვდარი დაეცემაო, მაგრამ რაკი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ღმერთიაო. 6 ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი. და ვითარ-იგი მყოვარ ჟამ ჰგებდეს და ჰხედვიდეს, რამეთუ არარაჲ ბოროტი შეემთხჳა მას, მოიქცეს და იტყოდეს, ვითარმედ ღმერთი არს.
7 იმ არემარეში მამული ჰქონდა კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, რომელმაც მიგვიღო და სამი დღე სტუმართმოყვრულად გვიმასპინძლა. 7 ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისიმე მის ჭალაკისაჲ, რომელსა სახელი ურქუა პოპლიოს, რომელმან შემიწყნარნა ჩუენ და სამ დღე სიყუარულით მოწლედ მისტუმრნა.
8 პუბლიუსის მამა ლოგინად ჩაეგდო ხურვებას და მუცლის გვრემას; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელი დაადო და ისიც განიკურნა. 8 და იყო მამაჲ პოპლიოჲსი სიცხითა და ნაწლევითა სნეულ და მწოლარე, რომლისა შევიდა პავლე და ულოცა და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და განკურნა იგი.
9 ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა. 9 და ვითარცა ესე იქმნა, სხუანიცა, რომელნი იყვნეს ჭალაკსა მას შინა და აქუნდა უძლურებაჲ, მოვიდოდეს და განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაჲთა,
10 სანაცვლოდ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს. 10 რომელთაცა მრავლითა პატივითა პატივ-გუცეს ჩუენ და წარსლვასა ჩუენსა აღგუაგნეს საგზლითა.
11 სამი თვის შემდეგ ჩავსხედით დიოსკურების ნიშნიან ალექსანდრიულ ხომალდში, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა. 11

და შემდგომად სამისა თჳსა შევედით ნავსა, რომელსა დაეზამთრა მას ჭალაკსა ალექსანდრიაჲსასა, სახელით დიოსკორესსა.

12 ჩავედით სირაკუზაში, სადაც სამი დღე დავრჩით. 12 და შთავედით სჳრაკოსად და დავადგერით მუნ სამ დღე,
13 იქიდან წამოსულები მივადექით რეგიუმს, და რაკი ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა, მეორე დღეს პუტეოლისში ჩავედით, 13 ვინაჲ-იგი მოვლეთ და მოვიწიენით რეგონდ. და შემდგომად ერთისა დღისა იყო სამხრით ნიავი, და ორ დღე მოვედით პონტიოლს,
14 სადაც ვინახულეთ ძმები, რომლებმაც გვთხოვეს, შვიდი დღე დაგვეყო მათთან, შემდეგ კი რომისკენ ავიღეთ გეზი. 14 სადა-იგი ვპოენით ძმანი, და ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით მათ ზედა და დავადგერით მუნ შჳდ დღე. და ესრეთ მოვედით ჰრომედ.
15 ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა. 15 და მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფოროდმდე და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა რაჲ პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა.
16 როდესაც რომში მივედით, პავლეს ნება დართეს ცალკე ეცხოვრა მის მეთვალყურე ჯარისკაცთან ერთად. 16 და ოდეს შევედით ჰრომედ, ასისთავმან მან მისცნა პყრობილნი იგი ერის მთავარსა მას, ხოლო პავლეს ებრძანა ყოფაჲ თჳსაგან მცველისა მისისა ერის კაცისა თანა.
17

სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეგროვდნენ, უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, არც ხალხის მიმართ შემიცოდავს და არც მამაპაპეული ადათის წინაშე, მაგრამ იერუსალიმიდან მაინც შეკრული მიმცეს ხელში რომაელებს,

17 და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი. და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალჱმით მივეცი ჴელთა ჰრომთასა,
18 რომლებმაც დამკითხეს და ჩემი განთავისუფლება უნდოდათ, რადგანაც არ მიმიძღვის არავითარი ისეთი ბრალი, სიკვდილს რომ ვიმსახურებდე. 18 რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი, ამისთჳს რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა.
19 მაგრამ რაკი იუდეველები დამიპირისპირდნენ, იძულებული გავხდი კეისრის მსჯავრი მომეთხოვა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ბრალი დამედო ჩემი ხალხისთვის. 19 და ვითარ-იგი სიტყუას-უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ, არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ.
20 სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რათა მენახეთ და თქვენთან მელაპარაკა, რადგანაც ისრაელის სასოებისათვის მადევს ეს ხუნდები. 20 ამის უკუე მიზეზისათჳს გლოცევდ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც მე.
21 იუდეველებმა უთხრეს ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენი ძვირი. 21

ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით, არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა, გინა იტყოდა შენთჳს ბოროტსა.

22 მაგრამ ის კი გვსურს, რომ მოვისმინოთ შენგან, მაინც რას ფიქრობ, რადგანაც ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან წინააღმდეგობას უწევენ. 22 ხოლო ამას გლოცავთ, რაჲთა ვისმინოთ შენი, ვითარ ჰზრახავ; ხოლო ჴდომისა ამისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ცილობაჲ აღდგომილ არს.
23 დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი. 23 და განუჩინეს მას დღე და მოვიდეს ვანად მისა მრავალნი, რომელთა ასწავებდა და მიუთხრობდა სასუფეველისათჳს ღმრთისა და არწმუნებდა მათ იესუჲსთჳს სჯულისაგან მოსესა და წინაწარმეტყუელთა განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე.
24 ზოგი ერწმუნა მის სიტყვებს, ზოგი კი არა. 24 და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს.
25 რაკი ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: კარგად თქვა სულმა წმიდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით: 25 და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაჲ ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ
26 „მიდი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ, 26 და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ.
27 რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. 27 რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნე იგინი.
28 მაშ, იცოდეთ, რომ ხსნა ღვთისა მოევლინა წარმართთ, და ისინი ისმენენ კიდეც“. 28 საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათჳს მოივლინე მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, და მათცა ისმინონ.
29 ეს რომ თქვა, იუდეველები წავიდნენ და ცხარედ დაობდნენ ერთმანეთში. 29 და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა.
30 ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს. 30 ხოლო პავლე დაადგრა მუნ ორ წელ ყოვლად თჳსითა სასყიდლითა და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა.
31 ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს. 31 ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა უფლისა იესუ ქრისტჱსთჳს ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად.
კატეგორია: მოციქულთა საქმენი | ნანახია: 278 | დაამატა: kiborg | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar

ფეისბუქ ჯგუფი

 
საქართველო უცხოტომელების გარეშე
Facebook Group · 56 members
Join Group
ნუ თუ არ მოგბეზრდათ ირანელების, თურქების, არაბების , ინდოელების და ჩინელების თარეში ჩვენ ქვეყანაში ?
 

შესვლა

ძებნა