1 |
იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, - მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.
|
1 |
იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ, ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა,
|
2 |
წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ. |
2 |
წყალობაჲ თქუენ თანა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ. |
3 |
საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ. |
3 |
საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ, იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა. |
4 |
ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს. |
4 |
რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას საშჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უარ-ჰყოფენ. |
5 |
მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი. |
5 |
მოჴსენებაჲ თქუენი მნებავს, დაღათუ იცით ესე ყოველი, რამეთუ ღმერთმან ერთ გზის ერი იგი ქუეყანით ეგჳპტით იჴსნა, ხოლო მეორედ ურწმუნონი იგი წარწყმიდნა. |
6 |
ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს. |
6 |
ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა. |
7 |
ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი. |
7 |
ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა სასჯელი მიუღებიეს. |
8 |
იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ. |
8 |
ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ. |
9 |
მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა! |
9 |
ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან! |
10 |
ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს. |
10 |
გარნა ესენი, რაოდენი არა იციან, ჰგმობენ და რავდენი ვითარცა პირუტყუთა ბუნებით იციან, მათ შინა განიხრწნებიან. |
11 |
ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე. |
11 |
ვაჲ მათდა, რამეთუ გზასა მას კაენისა ვლენან და საცთურსა მას ბალამის სასყიდლისასა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს. |
12 |
ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი; |
12 |
ესენი არიან, რომელნი სიყვარულთა მათ თქუენთა შებილწებულნი თანა-შეგცხრებიან და უშიშად თავთა თჳსთა ჰმწყსიან. ღრუბელნი ურწყულნი, ქარისაგან მიმოტაცებულნი, ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორ გზის მომწყდარნი, ძირითურთ მოფხურილნი,
|
13 |
ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.
|
13 |
ღელვანი ზღჳსანი განძჳნებულნი, რომელნი პერად აღაფრქუევენ თავისა თჳსისათჳს სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ საუკუნოდ დამარხულ არს. |
14 |
მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, |
14 |
წინაწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა, მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა. |
15 |
რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი. |
15 |
ყოფად სასჯელისა ყოვლისათჳსვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელ ურჩულოებდეს და ყოვეთათჳს სიტყუათა ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი. |
16 |
ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი. |
16 |
ესენი არიან მდრტჳნავნი, მაბრალობელნი, გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი, და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა. თუალთ აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა. |
17 |
თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული. |
17 |
ხოლო თქუენ, საყუარელნო, მოიჴსენენით სიტყუანი იგი, წინაწარ თქმულნი მოციქულთა მიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა. |
18 |
ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი. |
18 |
რამეთუ გეტყოდეს თქუენ, ვითარმედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა იყვნენ მოკიცხარნი გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი უღმრთოჲსა. |
19 |
ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი. |
19 |
ესენი არიან, რომელნი განიშორებენ თავთა თჳსთა მშჳნვიერნი, რომელთა სულ არა აქუს. |
20 |
ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით. |
20 |
ხოლო თქუენ, საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა, სულითა წმიდითა ილოცევდით. |
21 |
ღვთის სიყვარულით დაიცავით თავი და ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის. |
21 |
თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა ცხორებად. |
22 |
ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ. |
22 |
რომელთამე სწყალობდით შეუორგულებელად, |
23 |
ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც. |
23 |
და რომელთამე იჴსნიდით შიშითა და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით. გძულდინ ჴორცთაგანცა შეგინებული იგი სამოსელი. |
24 |
ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე, |
24 |
ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა თჳსისა უბიწოთა სიხარულით. |
25 |
ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
25 |
მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა მაცხოვარსა ჩუენსა, დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |