იოანეს გამოცხადება
თავი პირველი
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს,
|
1 |
გამოცხადებაჲ იესუ ქრისტესი, რომელ-იგი მოსცა მას ღმერთმან, ჩუენებად მონათა მისთა, საქმეთა მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ, და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს,
|
2 |
რომელმაც იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესო ქრისტესი, - ყოველივე ის, რაც იხილა. |
2 |
რომელმანცა წამა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და წამებაჲ იესუ ქრისტესი, რაოდენიცა იხილა და რომელიცა არს და რომელსა ეგულების ყოფად. |
3 |
ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი. |
3 |
ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს. |
4 |
იოანე ასიის შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და იქნება, და შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე, |
4 |
იოვანე, შჳდთა ეკლესიათა ასიაჲსათა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან. |
5 |
და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით, |
5 |
და იესუ ქრისტესგან, მოწამისა მის სარწმუნოჲსა, პირმშოჲსა შესუენებულთაჲსა და მთავრისა მეფეთა ქუეყნისათა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლითა თჳსითა. |
6 |
ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |
6 |
და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამისა თჳსისა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |
7 |
აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ. |
7 |
აჰა ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა-იგი უგუმირეს მას; და გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი: ჰე, ამინ. |
8 |
მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი. |
8 |
მე ვარ ანი და ჵ, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი. |
9 |
მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის. |
9 |
მე, იოვანე, ძმაჲ თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტესისა. |
10 |
ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი, |
10 |
ვიქმენ სულითა დღესა კჳრიაკესა და მესმა უკუანაჲთ კერძო ჩემსა ჴმაჲ დიდი, ვითარცა საყჳრისაჲ, |
11 |
რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში.
|
11 |
რომელი მეტყოდა, ვითარმედ: რომელსა-ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა შინა და წარეც შჳდთა მათ ეკლესიათა: ეფესოს და ზმირნას და პერღამოს და თჳატრის და სარდეს და ფილადელფიას და ლავდიკის. |
12 |
მე მივბრუნდი, რომ მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი, |
12 |
და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შჳდნი სასანთლენი ოქროჲსანი; |
13 |
ხოლო შვიდ სასანთლეს შორის - მსგავსება კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი; |
13 |
და შორის შჳდთა მათ სასანთლეთა მსგავსი ძისა კაცისაჲ, შემოსილი ზეწრითა, და ერტყა სარტყელი ოქროჲსაჲ ძუძუთა თანა მისთა. |
14 |
თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი, ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა. |
14 |
და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ |
15 |
ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა. |
15 |
და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი, და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ. |
16 |
მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით. |
16 |
და მარჯუენესა ჴელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შჳდნი, და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა. |
17 |
ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი; |
17 |
და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; |
18 |
აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი. |
18 |
და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. |
19 |
მაშ, დაწერე, რაც იხილე რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ. |
19 |
დაწერე უკუე, რაჲ-ესე იხილე და რაჲ-ესე არს და რაჲ ეგულების ყოფად შემდგომად ამისა. |
20 |
საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი სასანთლისა ოქროსი: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე ეკლესიაა შვიდი. |
20 |
საიდუმლოჲ შჳდთა ამათ ვარსკულავთაჲ, რომელნი იხილენ მარჯუენესა ზედა ჩემსა, და შჳდნი ესე სასანთლენი ოქროჲსანი. შჳდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შჳდთა ეკლესიათანი არიან, და შჳდნი ესე სასანთლენი შჳდნი ეკლესიანი არიან. |
|